არც დემოკრატიზაციის და არც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას სადაც საუბარია საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის და რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროექტში ჩამოთვლილ პუნქტებში საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს.
„ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან. არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა და სამწუხაროდ, შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, როგორც ჩანს, გარეთაც გადის. მოგეხსენებათ, ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მაგრამ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების მიღების შემდგომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ყველაზე ახლო სტრატეგიული მოკავშირეები და მეგობრები არიან.
„მათი მხრიდან ნათქვამი, გამოხატული საკითხი, ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს არის პროცესი. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსის გამო, ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული ამ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ეს არის ცუდი, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ვნებს, ეს ვნებს ქვეყანას. ამიტომ, ახლა ყველანი უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები ჩვენი საერთო მიზანია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ოპოზიცია იქნება თუ მმართველი პარტია, ყველამ ერთად, ღირსეულად და დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა „ქართლი ოცნებისთვის” ეს სიგნალი, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნებისთვის” სიგნალია შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და იგივე საკანონმდებლო ინიციატივაშიც ჩაწერილია ბევრი წარმატებული რეფორმის პოზიტიური შეფასება.
„ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე. უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში რა ხდება. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის მცდელობა, წინასაარჩევნო პერიოდში, შიდა პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის, რაც ჩვენთვის გასაგებია. ჩათვალეთ, რომ დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არ არის, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთი ამბავი ავტეხოთ, არა, ეს უნდა მოვისმინოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი ზუსტად ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით. ერთ რამეში მინდა დაგარწმუნოთ, არც დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, არც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება, ისევე, როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არაფერი ემუქრება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. გიორგი გახარიას შეფასებით, ის, რაც ხდება – სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, კატეგორიულად მიუღებელი, ამორალურია და ყველანაირი ფასეულობის მიღმაა. პრემიერის თქმით, ახლა ყველამ ხელი შეუწყოს გამოძიებას და გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს შეფასებები.
„როდესაც მე ვსაუბრობ, რომ სამწუხაროდ, ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში, პოლიტიკურ შეფერილობას იძენს, სწორედ ამას ვგულისხმობ. მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფოს და პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. შესაბამისად, მე თუ კითხვები მიჩნდება, ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც, ვიდრე გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა, საჯაროდ უნდა გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა, ახლა ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. როდესაც გამოძიება დასრულდება და შედეგი იქნება, შემდგომ შეიძლება შეფასება. ის, რაც ხდება – სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობების მიღმა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მას კითხვები სამართალდამცავების მიმართ, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ გამოძიების პროცესში რომელიმე სამართალდამცველმა, ან გამოძიების პროცესში ჩართულმა პირმა დაუშვა კანონდარღვევა, ან შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა.
„მთავარი ის არის, რომ გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. სასჯელის გარდაუვალობა – ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უნდა აღსრულდეს. თუ გამოძიების პროცესში რომელიმე სამართალდამცველმა, ან გამოძიების პროცესში ჩართულმა პირმა დაუშვა ან კანონდარღვევა, ან შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელმაც უნდა დაიწყოს კიდევ სხვა გამოძიება, ეს დაადგინოს და ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, დაწყებულია თუ არა საარჩევნო სიის ფორმირებაზე მუშაობა და მომავალ არჩევნებზე იქნება თუ არა მმართველი გუნდის საარჩევნო სიის პირველი ნომერი. პრემიერის შეფასებით, მთავარი ამოცანაა, მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართულ ოჯახს, თითოეულ მოქალაქეს და პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში არჩევნები წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად ჩატარდეს.
„რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით – ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს არის პირველ რიგში პანდემია, ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის რისკები, მეორე ამოცანა გახლავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში იმიტომ, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგიური კრიზისი გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართულ ოჯახს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და მესამე ამოცანაა ამ ორი კრიზისის პირობებში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში – წყნარად, მშვიდად, დემოკრატიულად და ღიად ჩავატაროთ არჩევნები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, მთავრობა იბრძვის რამდენიმე ფრონტზე და არ არის იმაზე მსჯელობის დრო, თუ ვინ იქნება სიაში პირველი ან მეორე.
„როგორ ფიქრობთ, ამ სამი უდიდესი გამოწვევის, ომის, თავიდანვე ვამბობდით, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზე ვიბრძვით, ამის პირობებში ან მე ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი სიაში ვინ იქნება ან მეორე?! ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სიაში ვინ იქნება პირველი ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, ესეც შეიძლება გახდეს მეორეხარისხოვანი, მთავარია ქვეყანაში ყველამ ერთად – ოპოზიციამ, მმართველმა ძალამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს არის ის გასაღები, რომელიც იმ ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი”, – განაცხადა გახარიამ.
ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს ასევე დაუსვეს კითხვა, შეიძლება თუ არა, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს საარჩევნო სიაში.
„რა თქმა უნდა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების” დამფუძნებელი და თავმჯდომარე. რა თქმა უნდა”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურს ასევე კითხვა დაუსვეს გარემოსდაცვითი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დამტკიცების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეკოლოგიური საკითხები ერთ-ერთი პრიორიტეტულია და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა პარლამენტში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება.
„ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ეს საკითხი გავიდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტში, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ასევე უპასუხა კითხვას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე და აღნიშნა, რომ ის მედიის თვალსაზრისით არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მთავრობის მეთაურის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივაში წერია, რომ ის მედიას არ ეხება.
„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, მედიის თვალსაზრისით ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივაში წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, ვიდრე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ”, – განაცხადა გახარიამ.
ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს პრემიერი ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის განცხადებებზე, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ მათი შეფასებები სრულიად უსაფუძვლოა.