სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების კვალიფიკაცია არის პრიორიტეტი ნომერი ერთი დღეს, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს სასწავლო ცენტრი შეიქმნა პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით და უახლოეს პერიოდში დაიწყებს შესაბამისი კადრების გამოშვებას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას მოემსახურებიან.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი არის მოწოდებული მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოსამზადებლად. დღეს გლობალური მსოფლიო უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას, უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში მსგავსი რისკები სულ უფრო და უფრო იზრდება. ამიტომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების კვალიფიკაცია არის პრიორიტეტი ნომერი ერთი დღეს, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტში. ამიტომ, ეს სასწავლო ცენტრი შეიქმნა ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე დაიწყებს შესაბამისი კადრების გამოშვებას, რომელიც მოემსახურებიან ქვეყნის უსაფრთხოებას და უსაფრთხოება, როგორც მოგეხსენებათ, აუცილებელი კომპონენტია ქვეყნის განვითარების ნებისმიერი მიმართულებისთვის – ეკონომიკიდან დაწყებული, პოლიტიკით გაგრძელებული და რა თქმა უნდა, რეგიონული უსაფრთხოება არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად გახსნილი სასწავლო ცენტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი სასწავლო ცენტრის შესახებ, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უახლესი ტექნოლოგიებისა და პროგრამების მეშვეობით გადამზადდებიან, გიორგი გახარიას და არჩილ თალაკვაძეს დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა მიაწოდა. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსამსახურეთა შერჩევის, შეფასების და სპეცმომზადების ახალ სისტემას ნერგავს, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. გარდა ამისა, რეფორმის შედეგად სამსახური შეძლებს, შეარჩიოს და მოამზადოს კვალიფიციური კადრები, რომლებიც, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სპეცმომზადების შედეგად, მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან.