დაბა ურეკი საზღვაო სეზონს რეაბილიტირებული გზით შეხვდება. კურორტზე 4-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიწყო.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „გზამშენი 18“ ახორციელებს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, სამუშაოების ჯამური ღირებულება 994 000 ლარს შეადგენს. ურეკის გზის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება და ადგილობრივ, უცხოელ დამსვენებელს გადაადგილების პრობლემა აღარ შეექმნება. მიმდინარე ინფრასტურქტურული სამუშაოები დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა.
„ურეკში დავიწყეთ გზის საფარის მოწყობა. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ადგილზე ხორციელდება 73 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგების სისტემის მოწყობითი სამუშაოები, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციის მონტაჟს ითვალისწინებს, გზის რეაბილიტაციის პროცესი გვიან დავიწყეთ, თუმცა მიმდინარე სეზონს დაბა ურეკი რეაბილიტირებული ასფალტ-ბეტონის გზით შეხვდება. მინდა მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.