უნიკალური ჯიშებისგან დამზადებული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

06/05/2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება, რომლის მიზანია აღნიშნული ჯიშების პოპულარიზაცია და ბაზარზე მათი სამრეწველო მიმართულებით დაბრუნება, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. ახალი ღვინოების პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ცენტრის სპეციალისტებმა მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის კვლევითი ცენტრის მნიშვნელობაზე, ასევე იშვიათი ვაზის ჯიშების წარმოების პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ 20-ზე მეტი იშვიათი ჯიშისგან დამზადებული ღვინოები დაეგემოვნებინათ. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ექსპერიმენტული ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშები თავის დროზე სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა და მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინო მზადდებოდა. სწორედ აღნიშნული ჯიშების სამრეწველო მიმართულებაში დაბრუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათ კვლევას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა 2007 წელს ა(ა)იპ „აგრო“-სა და შპს „აგრო-ქართუ“-ს მიერ საქველმოქედო ფონდის „ქართუ“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. 2014 წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჯიღაურას სადემონსტრაციო მეურნეობა სახელმწიფოს გადასცა, რომლის ბაზაზეც სსიპ სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ჩამოყალიბდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0