უნდა გაუქმდეს მუხლი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილ 3-თვიან შეზღუდვას აწესებს

01/06/2016

პრეზიდენტი პარლამენტს იმ ნორმის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილების ამოწურვამდე 3-თვეზე ნაკლები რჩება, ახალი საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება. ამის შესახებ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გადაგზავნულ “მოტივირებულ შენიშვნებშია“ აღნიშნული.
პრეზიდენტის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ნორმა კონსტიტუციის იმ ჩანაწერს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადა 10 წელია და ის უნდა გაუქმდეს.

“უფლებამოსილების ვადის განსაზღვრა გულისხმობს მოსამართლისათვის თავისი კონსტიტუციური ფუნქციის მითითებული ვადის განმავლობაში სრულად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რაიმე პირდაპირ ან ირიბ შესაძლებლობას, რომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მოხდეს მოსამართლის უფლებამოსილების სრულად განხორციელების შეზღუდვა. პარლამენტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებით ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტის (საკონსტიტუციო სასამართლო), ერთი და იმავე სტატუსის მქონე და ერთი და იმავე ვადით დანიშნული მოსამართლეები დროის კონკრეტულ მოცემულობაში განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში ექცევიან. კერძოდ, მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება, აღარ ექნება ახალი საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლეები, რომელთაც უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩათ სამი თვე, ვერ მიიღებენ მონაწილეობას პლენუმის მიერ ახალ საქმეთა არსებითად განხილვაში, რაც პლენუმის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობას გამოიწვევს“, – ნათქვამია პრეზიდენტის “მოტივირებულ შენიშვნებში“.
“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები და შესაბამისი ელტერნატიული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ის დღეს ბიუროს წარედგინა და განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა. სასესიო განხილვა მიმდინარე კვირას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფარგლებში იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0