უნგრეთის გამოცდილება სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის

21/04/2023

„უნგრეთში მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა სამინისტროს საქმიანობის თითქმის ყველა მიმართულებით. მიმოვიხილეთ, როგორც მიმდინარე პროექტები, ისე გეგმები და გავცვალეთ ქვეყნების წარმატებული და საინტერესო გამოცდილებები. უნგრეთი ბევრი მიმართულებით დაწინაურებულია და საქართველოსთვის მისი გამოცდილების გაზიარება და დანერგვა ძალიან სასარგებლო იქნება, რაც საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო დააჩქარებს ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენს მზაობას და ამ ძალიან მნიშვნელოვან, უკვე დაწყებულ პროცესს“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას ისაუბრა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ ჩაბა ლანტოსთან, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრ იანოშ ლაზართან და რეგიონული განვითარების მინისტრ ტიბორ ნავრაჩოჩთან გამართა. შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და ამ თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები და აღნიშნეს სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების საჭიროება.

„გავუზიარეთ ერთმანეთს საინტერესო და მთელ რიგ შემთხვევებში, ძალიან ინოვაციური პრაქტიკები. ვაპირებთ ასეთი სახის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას სექტორულ, დარგობრივ დონეზე, რათა უკვე უშუალოდ გუნდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ევროკავშირის სტანდარტების და დანერგილი საუკეთესო პრაქტიკების დეტალურად განხილვის, გაზიარების და შემდგომში მათი დანერგვის შესაძლებლობა“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ირაკლი ქარსელაძემ მასპინძლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. ისაუბრა საქართველოს განვითარების სტრატეგია „ხედვა 2030“-ით გათვალისწინებულ გეგმებზე და მისი შესრულების ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე საგზაო, წყალმომარაგება-წყალარინების, მუნიციპალური და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების, მყარი ნარჩენების მართვის, ურბანული განახლების და სხვა მიმართულებით. უნგრელმა კოლეგებმა ქართულ დელეგაციას გაუზიარეს მშენებლობისა და პროექტების მართვის წარმატებული გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე დარგების მიხედვით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0