საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი “ქართული ოცნების” წევრებს ურჩევს, ”ნუ არიან დაძაბულები და მოეშვან”. ასე პასუხობს გიგი წერეთელი უმრავლესობის დეპუტატ გია ვოლსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ არის გამორიცხული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის კანდიდატურასთან ”ევროპის სახალხო პარტიასა” და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს.
“მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკვე პარანოიის ფაზაში გადავიდა, ესეც დიაგნოზია – ყველაფერი ეჩვენებათ, დაძაბულები არიან და მოეშვან, რატომ არიან დაძაბულები? – 4 წელია ვიცე-პრეზიდენტი ვარ და არ მგონია, რომ რაიმე დიდი დარტმა მიეღოთ ჩემგან. მე ჩემს ქვეყანას ვეხმარები და არა “ნაციონალურ მოძრაობას” ან “ქართულ ოცნებას”. მე ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი სისუსტის ნიშანია”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისივე თქმით, სწორედ ის არის ანტიქართული და ანტიევროპული კამპანია, რასაც დღეს “ქართული ოცნება” აწარმოებს და ზოგადად, სადაც ”იხარშება ეს პარანოია”.
“უბრალოდ სასაცილოა ამაზე ლაპარაკი”, – აღნიშნა წერეთელმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურის მხარდაჭერა ”ევროპის სახალხო პარტიისა” და რუსეთის მოლაპარაკებების საგანია.
“სახალხო პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი აგრამუნტი იმყოფებოდა მოსკოვში, იქიდან ჩამოვიდა საქართველოში და გამართა შეხვედრები როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მან გააკეთა განცხადებები, რომ არა როგორც “სახალხო პარტიის” ხელმძღვანელმა, არამედ როგორც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში უნდა განახლდეს, გარკვეული შეზღუდვები უნდა მოეხსნას. საფუძველი ითქვას, რომ “ევროპის სახალხო პარტიასა” და რუსეთს შორის მოლაპარაკებების თემას წარმოადგენს გიგი წერეთლის მხარდაჭერა, არსებობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
“ევროპის სახალხო პარტიამ” გიგი წერეთლის კანდიდატურა ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა. კენჭისყრა ხვალ გაიმართება.