საქართველოს მასშტაბით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან განახლდება, საბავშვო ბაღები კი აღსაზრდელებისთვის 12 ოქტომბრიდან გაიხსნება, აღნიშნული ცვლილებები არ შეეხება აჭარას, სადაც სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, – შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ამასთან, როგორც ცნობილია, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა დაწყებითი საფეხურის – I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, ხოლო გორსა და ფოთში – სრულად განახლდება.
გარდა ამისა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ძალაში რჩება რეგიონში საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა, ხოლო რესტორნები მხოლოდ 22:00 საათამდე მუშაობენ. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულებს, განსაკუთრებით აჭარაში, მიმართავს რეკომენდაციით, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ საცხოვრებელი სახლის დატოვებისგან.
საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების ინფორმაციით, მსოფლიოში ამ კუთხით შეცვლილია რეკომენდაციები, კერძოდ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებების თანახმად, სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში ადამიანი პრაქტიკულად, გადამდები აღარ არის, ტესტი შეიძლება დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი, დააინფიციროს სხვა ადამიანი, მინიმალურია ან პრაქტიკულად არ არსებობს.
შესაბამისად, პირი, რომლის ტესტირებიდან მეთორმეტე დღე გავიდა და სიმპტომები არ აღენიშნება, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება და განმეორებითი ტესტის ჩატარების გარეშე ჩვეულ სოციალურ ცხოვრებაში დაბრუნებას შეძლებს. უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების აღნიშნული სქემა ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში აისახება.
რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, კლინიკაში მყოფი პაციენტებისთვის სტაციონარში ყოფნის მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე 13 დღეა, რაშიც იგულისხმება, სიმპტომების ათი დღე და 3-დღიანი უსიმპტომო პერიოდი.
საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე წარადგინა ინფორმაცია კოვიდინფიცირებული პირების ბინაზე მკურნალობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საცხოვრებელ სახლში მკურნალობას და ექიმის მეთვალყურეობას გადის 800-მდე ინფიცირებული, რომელთაგან 600-ზე მეტი პაციენტი აჭარაში იმყოფება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, შეასრულონ დადგენილი რეკომენდაციები, დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადეები, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5552 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 2054 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 31 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5637 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 800 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან განახლდება, საბავშვო ბაღები კი აღსაზრდელებისთვის 12 ოქტომბრიდან გაიხსნება
28/09/2020