„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს სანიმუშო პოლიტიკური ურთიერთობები და უკვე დროა, რომ უფრო მეტად ვიფიქროთ ეკონომიკურ ნაწილზე, განსაკუთრებით ვაჭრობაზე“ – ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
,,ფუნიკულიორში“ გამართულ შეხვედრას მინისტრთან და მის მოადგილეებთან ერთად აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე აშშ- ს კომერციის დეპარტამენტისა და უცხოური საინვესტიციო კორპორაციების დაახლოებით 30 წარმომადგენელი დაესწრო.
იან კელის განცხადებით, ამ სავაჭრო მისიაში წარმოდგენილია 12 მსხვილი კომპანია, რომელიც შეისწავლის ინვესტიციის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით. ,,სავაჭრო მისია არის ჩვენი მცდელობის და ძალისხმევის ნაწილი, რომ მოხდეს ზოგადად, ინფორმაციის გავრცელება, ცნობიერების ამაღლება საქართველოს ბაზრის მიმართ – თუ როგორი კარგი საინვესტიციო გარემოა საქართველოში და როგორი მარტივია ბიზნესის კეთება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ამ მიმართულებებით საკმაოდ მაღალი რეიტინგები აქვს.”- განაცხადა იან კელიმ.
აშშ -ს სავაჭრო მისია საქართველოში ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტისა და სქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით იმართება.
ამერიკა- საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტის, მამუკა წერეთლის განცხადებით, ბიზნესმისიის მთავარი მიზანია დამყარდეს საქმიანი კონტაქტები პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს შორის. ვიზიტის ფარგლებში 150-მდე შეხვედრაა დაგეგმილი.
აშშ-ს სავაჭრო მისიის ფარგლებში სამშენებლო, ლოგისტიკის, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიები ბიზნესშეხვედრებს ხვალ გამართავენ საქართველოში ვაჭრობის გაძლიერების და სამომავლო ინვესტირების მიზნით.
ამერიკის სავაჭრო მისიაში მონაწილე კომპანიები არიან: Acrow Bridge, Baron Weather, Bechtel, Budget, Coca-Cola, Lockheed Martin, Miyamoto International, MWH, Nova Power, Obie Technologies, The Greenbrier, და VISA.
უკვე დროა, რომ უფრო მეტად ვიფიქროთ ეკონომიკურ ნაწილზე, განსაკუთრებით ვაჭრობაზე
19/10/2017