უკანონო მშენებლობები ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა და დღესაც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა

02/02/2022

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და უკანონო მშენებლობების საკითხზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტი საცხოვრებლით უზრუნველყოფს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, თუმცა, სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების ფაქტებს ყოველთვის წინ აღუდგება.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ სამწუხარო ფაქტს, რაც დედაქალაქში ხდება. მხედველობაში მაქვს სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობების განხორციელება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმ ადამიანებს და ოჯახებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა გააჩნია, აქვს უსახლკაროს სტატუსი (დღეის მდგომარეობით, 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს დედაქალაქში), მივეცი პირობა, რომ უზრუნველყოფილი იქნებიან მუნიციპალური საცხოვრისით და ეს პრობლემა მათთვის მოგვარებული იქნება. წინასაარჩევნოდ ძალიან ბევრი ვისაუბრე ამ საკითხზე და გაცემულია დაპირება, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება, ყველა იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრისით. დავიწყეთ საბინაო ფონდის შექმნა და მიმდინარე თვეს 15-16 ოჯახი იქნება საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც გაჭირვებასა და უსახლკარობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ცდილობენ, სახელმწიფო მიწები უკანონოდ მიიტაცონ.

„ერთ-ერთი ასეთი მაგალითი გვქონდა ბოლო დემონტაჟის განხორციელების დროს, როდესაც მიტაცებული იყო სახელმწიფო მიწები. ერთ-ერთი პიროვნება საუბრობდა თავის გაჭირვებაზე, მაშინ, როდესაც ამ ადამიანს 2015 წელს მუნიციპალიტეტისგან მიღებული აქვს 356 000-ლარიანი დახმარება. ამ ადამიანს ასევე, აქვს სამი საცხოვრებელი ბინა ვაკის რაიონში. არავინ იფიქროთ, რომ ვინმეს რამეს ვუთვლი, ღმერთმა ყველას მისცეს შესაძლებლობა, მაგრამ თაღლითობის საშუალებას არავის მივცემთ. უკანონობას ყოველთვის წინ აღვუდგებით. კანონი ყველასთვის ერთია. ისეთ ადამიანებს, რომელთაც უჭირთ და მხარდაჭერა სჭირდებათ, ყოველთვის მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით. ძალიან კარგად ვიცი, რა არის გაჭირვება, რა არის წარმატება, ყველაფერი გამოვლილი და გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო, ყოველთვის გაუწვდის ხელს, ვიდრე მათ ნორმალური სოციალური პირობები და ცხოვრების საშუალება არ მიეცემა. სამწუხაროდ, დღესაც რჩება ბევრი მოქალაქე, ოჯახი ვისაც თანადგომა სჭირდება და ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის დავეხმარებით მათ, თუმცა, თაღლითობის საშუალებას არავის მივცემთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მათ: არ მოგატყუოთ ვინმემ, მეგობრებო. ის თანხები, რასაც ამ მშენებლობებზე ხარჯავთ, ჯობს, შეინახოთ და ისევ თქვენი შვილებისა და მომავლისთვის გამოიყენოთ. თქვენ ძალიან მალე გადმოგეცემათ საცხოვრებელი ფართები და შეძლებთ ნორმალური პირობებში ცხოვრებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტს აქვს მეორე პროგრამა, რომლის ფარგლებში, უსახლკარო ადამიანების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფამდე, ადგილობრივი გამგეობები მათთვის ბინას ქირაობენ.

„აღნიშნულ პროგრამაზე მილიონობით ლარი იხარჯება, რათა ეს ადამიანები საცხოვრებლით იყვნენ უზრუნველყოფილნი. ასევე, გვყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ქირით გავიყვანოთ და საცხოვრებელი ფართების მიღებას ელოდებიან. რა თქმა უნდა, მათაც დავაკმაყოფილებთ, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველა ასეთი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერია „გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარებს დამატებით კვლევებს დაუფინანსებს. კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა“ 2020 წლიდან დაიწყო

„2022 წლიდან თბილისის მერია აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც დაუფინანსებს. დაავადების სიმპტომები 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამ ასაკობრივი ჯგუფის არატრავმული შეზღუდული შესაძლებლობის მიზეზი ხდება. მერიის პროგრამის საშუალებით, შესაძლებელი ხდება, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირები არ მიეჯაჭვონ საწოლს ან ეტლს, არამედ, ჩაერთონ ყოველდღიურ საქმიანობაში და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასა და ახალ მარშრუტებზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, თბილისის მთელ რიგ უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა.
მისივე თქმით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე, არცერთი ქუჩა დარჩება.

„როგორც იცით, ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობა. სამწუხაროდ, თბილისში იყო ადგილები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი საერთოდ არ დადიოდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენი დაპირება იყო, რომ ამ რეფორმის ფარგლებში, არ დავტოვებთ არცერთ ქუჩას, არცერთ უბანს, დასახლებას, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტი არ იმოძრავებს. პირველი თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები დაინიშნა ავშნიანის დასახლებაში, გლდანის მეოთხე და მერვე მიკრორაიონების უკან მდებარე დასახლებებში, დიდი და პატარა ტბის მიმდებარე დასახლებაში, ასევე, ინგუშეთის ქუჩაზე, ამავე რაიონში წყაროთუბნის დასახლებაში, ვეძისისა და ზემო ვეძისის ისეთ ქუჩებზე, სადაც ტრანსპორტი დღემდე არ დადიოდა. ასევე, ტრანსპორტით ისარგებლებს ბეთანიის მოსახლეობა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის და ავჭალის აგარაკების მცხოვრებლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეფორმა გრძელდება და მიმდინარეობს მარშრუტების შედგენა იმგვარად, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს.

„პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რეფორმა, რომელიც ჩვენ 2017 წელს წამოვიწყეთ, ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე დაავადებული და დაზიანებული ხეები ჯანსაღი ნარგავებით ჩანაცვლდება, შესაბამისი სამსახურის რეკომენდაციით კი, გამზირზე სანიტარიული ჭრები ჩატარდება.

„როგორც იცით, დაწყებულია ქეთევან დედოფლის გამზირისა და მის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორიების რეაბილიტაცია. მთლიანად გვაქვს დაგეგმილი ამ გამზირის განახლება, მოწესრიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გვიწევს არსებული დაზიანებული და დაავადებული ხე-მცენარეების მოჭრა და მათი ახალი ნარგავებით ჩანაცვლება. ჩვენმა სამსახურებმა შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და მთლიანად გამზირზე ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებსაც გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერად აირჩიეს, უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო და მის აღსაკვეთად, მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ღონისძიება გაატარა.

„უკანონო მშენებლობები ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა და დღესაც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. არასდროს მითქვამს, რომ თბილისში უკანონო მშენებლობები არ იყო. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო პრობლემა და 2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობამ დედაქალაქის მერად ამირჩია, ამის აღსაკვეთად ბრძოლა დავიწყეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ 2017 წლიდან უკანონო მშენებლობებზე ჯარიმების გაზრდა დაიწყო, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები შემოიღეს.

„რაც შეეხება უკანონო მშენებლობებს, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები 3 000-დან 10 000 ლარამდე იყო. როდესაც კორპუსი შენდება, იქ მილიონებზეა საუბარი. შესაბამისად, როცა კომპანიები ამხელა მოგებაზე გადიან, მათთვის ჯარიმის ეს ოდენობა არაფერს წარმოადგენს. ჩვენ კი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დავიწყეთ ჯარიმების გაზრდა და კატეგორიების მიხედვით, 8 000-დან 50 000 ლარამდე გავზარდეთ, თუმცა, პრაქტიკაში ვნახეთ, რომ საკმარისი არც ეს იყო. ამიტომაც, უკანონო მშენებლობების შესაჩერებლად, საქართველოს პარლამენტის დახმარებით, შემოვიღეთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები. ვფიქრობ, ამით ჩვენ უკანონო მშენებლობებს წინ აღვუდგებით და შევაჩერებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძე აქვე, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ არასწორ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს, თბილისის მერიამ კერძო კომპანიას შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ტერიტორია გადასცა. მისივე განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს თბილისის მერიის მხარდაჭერა ყოველთვის ექნება.

„ამ თემას არ შევეხებოდი, შშმ ბავშვებს რომ არ ეხებოდეს. საქმე ეხება კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2017 წელს ეკონომიკის სამინისტრომ კონკრეტულ პიროვნებას, შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის, კონკრეტული ვალდებულებით გადასცა, თუმცა, აღნიშნული ვალდებულება ვერ შესრულდა და ეს მიწა ეკონომიკის სამინისტრომ დაიბრუნა. 2020 წელს მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მერიას გადმოეცა. როდესაც მივიღეთ გენერალური გეგმა, კონკრეტულ არეალებში მთელი რიგი კვლევები ჩავატარეთ. ერთ-ერთი ასეთი იყო შატბერაშვილის ქუჩა, რომელიც დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან მეწყერსაშიში ზონაა. ამ კონკრეტულ არეალებში იყო გაცემული სამშენებლო ნებართვები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანებს მივეცით ადგილმონაცვლეობის შესაძლებლობა. მიწის ფართი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წელს ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე გადმოგვცა, 2021 წელს შატბერაშვილის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთით ჩავანაცვლეთ, სადაც სამშენებლო ნებართვა იყო გაცემული. ამიტომ, გაუგებარია ეს ბრალდებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, შშმ ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის საქმეში მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურ თანადგომას გამოიჩენს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ადამიანებს: ვისაც მართლა გაქვთ, სურვილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ეს სარეაბილიტაციო ცენტრი ააშენოთ, როგორ ფიქრობთ, მუნიციპალიტეტი ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ?! მობრძანდით და ხვალვე მოვნახავთ თქვენთან ერთად მიწის ნაკვეთს და გააკეთეთ ეს კეთილი საქმე. არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით, მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ასევე, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება 150 ლარია. მისი განცხადებით, ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია, აღნიშნული ინფორმაცია კი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და თბილისის მერიის დისკრედიტაციას ემსახურება.

„გუშინ ერთ-ერთ ტელეარხზე ვიხილეთ სიუჟეტი, სადაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობაა. კონკრეტული ტელეარხის ჟურნალისტი მიდის ადამიანებთან და ეკითხება, აქვთ თუ არა მათ საშუალება, ერთთვიან აბონემენტში გადაიხადონ 150 ლარი. არ ვიცი, ეს ჟურნალისტის მხრიდან შეცდომა იყო თუ არა, რადგან იცით, რომ 150 ლარი ღირს არა ერთთვიანი, არამედ 6-თვიანი აბონემენტი. ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება, ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება, რომ საზოგადოებაში, რაც შეიძლება მეტი ნიჰილიზმი დაითესოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ გადახდის ახალი სისტემა კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისგან მხარდაჭერის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ძველი შეღავათიანი ტარიფები კვლავ ძალაში რჩება.

„რაც შეეხება გადახდის ახალ სისტემას, რომელიც პირველი თებერვლიდან ამოქმედდა, დღეისთვის, უკვე გაყიდულია 15 000 აბონემენტი. ის საშეღავათო პირობები, რომელიც გვქონდა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის – იმ ოჯახებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ახალი სისტემის პირობებშიც ძალაში რჩება. ვინც სარგებლობდა შეღავათებით და იხდიდა 10-20 თეთრს ან მგზავრობდა უფასოდ, მაგრამ მიკროავტობუსში უწევდა 80 თეთრის გადახდა, პირველი თებერვლიდან ინტეგრირებული სისტემით, ამ მოქალაქეებს მიკროავტობუსით მგზავრობის დროსაც აქვთ შესაძლებლობა, იმავე შეღავათით ისარგებლონ. შეღავათით, დაახლოებით, 450 000 პირი სარგებლობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა თავის მოადგილეებს, სამსახურების უფროსებსა და გამგებლებს მიმართა, რომ თანამშრომლებთან სათანადო კომუნიკაცია ჰქონდეთ, რათა უკანონობა არ დაუშვან. კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მის უწყებაში კორუფციის ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს.

„ყოველთვის ვსაუბრობდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ახლაც, განსაკუთრებით წლის დასაწყისში, ამ თემას მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. მინდა, გაგაფრთხილოთ ყველა – დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელებით, ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაცას არასწორად გავაკეთებ და ვერავინ გაიგებსო. ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია ძირშივე იყოს ამოძირკვული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ყოველთვის მზადაა, რომ ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერა გამოხატოს, თუმცა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან პრინციპული იქნება.

„კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია, რათა უკანონობა არავინ დაუშვას. იცით, რომ ჩემი მხრიდან ყოველთვის გაქვთ თანადგომა. თუ რაიმე საჭიროებაა, პირადი დახმარებაა, მაქსიმალურად მზად ვარ, გვერდით დაგიგდეთ, ხელი შეგიწყოთ, მაგრამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან პრინციპული ვიქნებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0