უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და გახსნილად წარმართვასთან დაკავშირებით ჩვენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთიანი ხედვა გვაქვს

08/08/2019

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მსჯელობა გაიმართა პარლამენტის როლზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საკუთარი მოსაზრებები გაცვალეს.

„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია შედგა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ სუბიექტთან და დაინტერესებულ მხარესთან, რომელიც ამ პროცესს თვალყურს ადევნებს, გვქონდეს დიალოგი, გავცვალოთ პოზიციები და მოვუსმინოთ ერთმანეთს. ჩვენი მიზანია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მაქსიმალურად გახსნილად და გამჭვირვალედ წარმართოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, პროცესში მაღალი ჩართულობის შედეგად, საბოლოოდ, ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს ღირსეული კანდიდატების შერჩევა უზენაეს სასამართლოში.

„დღევანდელი შეხვედრის შედეგად, ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, გახსნილად და უზრუნველყოფილი იყოს ჩართულობა“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არის საკითხები, რომელსაც კიდევ სჭირდება შეჯერება.

„ჩვენ მოგვიწევს კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა, სადაც უკვე საბოლოოდ დავაახლოვებთ პოზიციებს და ჩამოვყალიბდებით რა ფორმით წარმოგვიდგენია მთლიანობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამ პროცესის წარმართვა“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0