უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა დაიწყო

26/02/2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ეკატერინე მაჭავარიანმა უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.

პრეზენტაციაზე ეკატერინე მაჭავარიანმა უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირის, ასევე, შენგენის წევრ სახელმწიფოებთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის პრაქტიკასა და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მარტში იგეგმება შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ევროპოლში, სადაც ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერება ხელი. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლში წარადგენს მეკავშირე ოფიცერს და შეიქმნება ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხი, რომლითაც მოხდება ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან. მისივე თქმით, საქართველო წარმატებით ასრულებს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის ხელშეკრულებას, რაც ასევე აღნიშნულია საქართველოს პარტნიორი ქვეყნების შეფასებებში.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის მიზანია საზოგადოებისთვის უვიზო მიმოსვლის წესების კიდევ ერთხელ შეხსენება, მათი შემდგომი დარღვევისა და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის ქვეყნებთან 2013 წლიდან ახორციელებს ეფექტიან თანამშრომლობას საპოლიციო სფეროში. საქართველოს პოლიციის ატაშეები ევროკავშირის 8 ქვეყანაში ჰყავს წარგზავნილი და საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანასთან თანამშრომლობს, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0