„უბლოკო სტატუსი“, მე მგონი, ცოტა ბლეფია, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რითაც არჩევნებზე ნინო ბურჯანაძის შანსებსა და საქართველოს “უბლოკოს სტატუსის“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ ნინო ბურჯანაძის პარლამენტში მოხვედრის შანსიც ძალიან დაბალია.
”ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მიმართულება არჩეული, რაშიც არა მარტო ”ქართული ოცნება”, არამედ, ჩემი აზრით, მთელი საზოგადოებაა შეთანხმებული, რომ ჩვენი მიმართულება კონკურენციის გარეშე არის ევროპა, ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე. ქალბატონ ნინოს შანსებს რაც შეეხება, არ მგონია, რომ დიდი შანსები აქვს. რუსეთთან რომ ურთიერთობის დალაგება გვინდა, ამას ჩვენც ვამბობთ. დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დავალაგოთ, მაგრამ არა დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე, რაც წყალგამოყოფი შეიძლება გახდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ მშვიდობიანად ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობები და ამაში ნინო ბურჯანაძე ვერ არის გამორჩეული”, – განაცხადა ივანიშვილმა.