უახლოეს მომავალში თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის კაბინეტი გაიხსნება

30/04/2022

უახლოეს მომავალში თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის კაბინეტი გაიხსნება. ჯანდაცვის მინისტრი მაღალმთიან რეგიონებში იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილმა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები მოინახულა, სადაც დიალიზის განყოფილებები მოეწყობა. თიანეთსა და ყაზბეგში აღნიშნული სერვისის დანერგვის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას ადგილზე მიიღებს. დიალიზის თერაპია ხელმისაწვდომი იქნება მესტიასა და ამბროლაურშიც. თიანეთსა და ყაზბეგში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებში დასაქმებულ მედპერსონალსაც შეხვდა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებებში არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაიაძე იმყოფებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0