უახლოეს დღეებში 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით ვაპირებთ შევიმუშაოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა

22/11/2023

„კონფერენციაზე განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც 9 პრიორიტეტის ნაწილია, მათ შორის მსჯელობა გვქონდა დეოლიგარქიზაციის გეგმის პროექტზე, რომელიც მთავრობის კოორდინირებით შემუშავდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე ისაუბრეს არასამთავრობო სექტორის მოლოდინზე ყველა საკითხთან დაკავშირებით, დაწყებული დეზინფორმაციის პრობლემატიკით, გაგრძელებული უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის თვალსაზრისით, დეოლიგარქიზაციით, სასამართლო რეფორმით, მედიასთან დაკავშირებული საკითხებით.

„კონფერენციაზე საინტერესო მსჯელობა გვქონდა, ოპოზიციაც მონაწილეობდა ამ პროცესში და მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რადგან საგნობრივი დისკუსია გვქონდა. ვაპირებთ, უახლოეს დღეებში შევიმუშაოთ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ. თუკი ამ საკითხში ჩაერთვება ყველა, სამოქალაქო სექტორიც, ოპოზიციაც, ისევე წარმატებული ვიქნებით საბოლოო ჯამში, შედეგების მხრივ, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელსაც ველოდებით, რომ 15 დეკემბრისთვის იქნება პოზიტიური“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კონფერენცია „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0