ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით, უახლოეს დღეებში საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვლენ „დოპელმაიერის“ ექსპერტ-ინსტრუქტორები და დამატებით შეამოწმებენ მათ მიერ დამონტაჟებულ ყველა საბაგიროს ჰაწვალზე, გოდერძიზე, ბაკურიანსა და გუდაურში. ამის შესახებ ცნობილი გახდა პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლის ვალერი იაშინის შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, ყველა თანამშრომელი, რომელიც „დოპელმაიერის“ საბაგიროზე ოპერირებს, სათანადოდ არის მომზადებული, თუმცა, გუდაურში მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე, ისინი დამატებით საქართველოშივე გაივლიან გადამზადების კურსს. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული გადამზადების პროცესში, რომელიც გულისხმობს ექსტრემალურ სიტუაციაში შესაბამის ქმედებებს, გამოიყენებენ სპეციალურ სიმულატორს, რომელსაც „დოპელმაიერი“ ჩამოიტანს. ყველა გადამზადებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოვლენ „დოპელმაიერის“ ექსპერტ-ინსტრუქტორები და დამატებით შეამოწმებენ მათ მიერ დამონტაჟებულ ყველა საბაგიროს
29/03/2018