ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო, ბაკურიანში ახალი პროექტები განხორციელდება

13/01/2018

ზამთრის საკურორტო სეზონზე შექმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილა დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ბაკურიანში გამართულ საგანგებო თათბირზე.
მინისტრის განცხადებით, წლევანდელ სეზონზე, საახალწლო პერიოდში ტურისტების უპრეცენდენტო რაოდენობის სტუმრობას ბაკურიანი მოუმზადებელი დახვდა.
შეხვედრისას, ზურაბ ალავიძემ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობისგან მიიღო ინფორმაცია, ბაკურიანში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მინისტრმა მხარის გუბერნატორთან, ბორჯომის მერთან და მთის კურორტების განვითრების კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, განიხილა პარკირების, წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხები. თათბირს საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
მინისტრის განცხადებით, დაიგეგმა ყველა ის გასატარებელი ღონისძიება, რომ ტურისტებს კომფორტულად შეძლონ დასვენება.
,,დღევანდელ შეხვედრისას კომპლექსურად განვიხილეთ არსებული პრობლემები, რომელიც ტურისტების უპრეცენდენტო ნაკადის გამო შეიქმნა. გამომდინარე აქედან, შესაბამის სამსახურებთან ერთად, გატარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება უახლოეს პერიოდში. მოხდება პარკინგების გაფართოება და მოწესრიგება, ასევე გაკეთდება დამატებითი გზები, რომ ვიზიტორებმა შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება. ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო, ბაკურიანში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ ’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0