ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერც იმაში, თუ კოალიცია არსებულ ფორმატში დარჩება

28/03/2016

ზოგჯერ პოლიტიკაში დგება ეტაპი, როცა ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა შესაძლოა ინდივიდუალურად მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ეკა ბესელია აცხადებს, ამით პარტიებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოსინჯონ. თუმცა, მისივე ინფორმაციით, კოალიციის ფორმატში მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერც იმაში, თუ კოალიცია არსებულ ფორმატში დარჩება და ვერც იმაში, თუკი მასში შემავალი პოლიტიკური ძალები ცალ-ცალკე მოსინჯავენ ძალებს 2016 წლის არჩევნებისთვის”, – აცხადებს ბესელია.

იგი არც იმას გამორიცხავს, კოალიციაში შემავალი სუბიექტები არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის შემდეგ, პარლამენტში მოხვედრისას გაერთიანდნენ.

“რესპუბლიკელი” დეპუტატის, თემურ ნერგაძის ინფორმაციით, “რესპუბლიკური პარტია” დღეს გააკეთებს განცხადებას კოალიციაში მათი ყოფნის საკითხსა და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით.
როგორც თემურ ნერგაძემ prof-news-ს განუცხადა, პარტიის კომიტეტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0