„ტიკას“ საჩუქარი გარდაბანს-“მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!”

18/05/2016

თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „ტიკას“ თბილისის ოფისის კოორდინატორი – მუსტაფა კორკმაზი, მისი თანაშემწეები ეკა ჯანელიძე და რაშიდ ბოლქვაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე
გოგი ფაცაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ. სტუმრებს მასპინძლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, მისმა პირველმა მოადგილემ, ზვიად მაჩაბელმა, მოადგილეებმა ირაკლი ჭელიძემ, დუნიამალ გაჯიევმა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ირინა ზურაბიანმა გაუწიეს.
აღნიშნული სტუმრობის მიზანი საქველმოქმედო ხასიათის იყო. კერძოდ: თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „ტიკას“ წარმომადგენლებმა, გარდაბნის გამგეობას, ვაზიანის მინი-ფაბრიკაში დამზადებული 350 წყვილი, ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად გაჭირვებული ადამიანებისთვის გადასცეს.
საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „ტიკას“ თბილისის ოფისის კოორდინატორმა მუსტაფა კორკმაზმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, პროდუქციის გადაცემის შესახებ, მიღება-ჩაბარების აქტს საზეიმო ვითარებაში მოაწერეს ხელი. მუსტაფა კორკმაზმა კი სიმბოლურად ერთი წყვილი ფეხსაცმელი გამგებელსაც უსახსოვრა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „ტიკას“ მიერ გადმოცემულ საჩუქარს სოციალურად დაუცველ, უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს რამდენიმე დღეში გადასცემს.
გაცნობებთ, რომ სამკერვალო მინი-ფაბრიკა 2015 წლის აგვისტოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „ტიკას“ თბილისის საკოორდინაციო ოფისისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიხსნა. საწარმოში კი ოცამდე იძულებით გადაადგილებული პირია დასაქმებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0