თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები და განხორციელებული პროექტები შეაჯამა. დედაქალაქის მერიაში გამართულ პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები და თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
წლის განმავლობაში „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია „დინამო არენა“-ს რეაბილიტაცია და უეფა-ს სუპერთასის ორგანიზების ხელშეწყობა, ასევე, დიღმის ოლიმპიური სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობა და სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიების და ბიზნეს ინკუბატორების – Fab Lab-ების შექმნა.
„ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ პროექტია QR ბიბლიოთეკაც, რომელიც თბილისის მეტროში, ასევე, სხვა ხალხმრავალ ადგილებში ციფრული (ელექტრონული) ბიბლიოთეკების მოწყობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ ახორციელებს პროექტს – „სითი ფორუმი“, რაც ხელს უწყობს თბილისის მერიის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობასა და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ქალაქის გამჭვირვალე მმართველობას. სპეციალური სტენდები წინადადებების განსათავსებლად თბილისის მერიის შენობის ჰოლში და 10 გამგეობაში, ასევე 4 უნივერსიტეტში მდებარეობს. ამჟამად შემოსულია 1000-ზე მეტის ხვადასხვა ტიპის წინადადება.
რაც შეეხება კიდევ ერთ პროექტს – „მწვანე ქუჩა“, რომელიც თბილისში, კარგარეთელის ქუჩის „მწვანე“ კონცეფციით მოწყობას (მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება,
ნაგვის ურნა, დამტენი მოწყობილობები, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის აპარატი, ელ. მობილების დამტენი აპარატურა, ინოვაციური მიწისქვეშა წყლის რეზერვუარი და ქუჩის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია) ითვალისწინებს, პროექტირების პროცესი დასრულებულია და 2016 წლიდან სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება.
კიდევ ერთი მნშვნელოვანი და საპილოტე პროექტი, რომელსაც „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ ახორციელებს 95-ე ბაგა-ბაღის ენერგოეფექტურ შენობად გარდაქმნას ითვალისწინებს. შენობის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია.
ასევე, „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებია – „თბილისის ტექნოლოგიური ქსელი“ და „თბილისის საუნივერსიტეტო კლასტერი“, რომელიც ხელს უწყობს დედაქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული იდეების გენერირებას.