ტერორიზმი ჩვენი საერთო მტერია და ჩვენ-ცივილიზებული კაცობრიობა ერთად უნდა დავდგეთ

29/06/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსულმანური თემის წარმომადგენლებს იფთარზე უმასპინძლა და მათ მუსლიმანებისთვის გამორჩეული წმინდა თვე – რამაზანის თვე მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სამძიმარი თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. მისი თქმით, ტერორიზმი კაცობრიობის საერთო მტერია, რომელსაც არა აქვს ეროვნება და რელიგია.
„სამწუხაროა, რომ დღეს მიწევს ასეთ უმძიმეს თემაზე საუბარი. ეს იყო უსასტიკესი შეტევა ჰუმანურობის წინააღმდეგ, ჩვენს მოძმე თურქეთში სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაიხოცნენ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ ლევენთ გუმრუქჩუს დღევანდელ დღეს ჩვენთან ერთად ყოფნისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთიანობასა და მეგობრობას. ტერორიზმს არა გააჩნია არც ეროვნება, არც რელიგია და, სამწუხაროდ, არც საზღვრები. დღეს მსოფლიო აღარ არის ისეთი უსაფრთხო, როგორიც იყო ცოტა ხნის წინ. ტერორიზმი ჩვენი საერთო მტერია და ჩვენ-ცივილიზებული კაცობრიობა ერთად უნდა დავდგეთ, რომ ეს უმწვავესი გამოწვევა დავძლიოთ,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული და მუსლიმანური სამყაროს მშვიდობიან და მეგობრულ თანაარსებობას, რაც მისი თქმით, იშვიათი მოვლენაა მსოფლიოში.
„საქართველოში ყოველთვის საამაყო იყო ჩვენი ძმობა და მეგობრობა, რაც მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ემყარება. ტოლერანტობა და სიყვარული ერთმანეთის მიმართ გამჯდარია უკვე თაობებში და ამას ალტერნატივა არ გააჩნია მომავალი თაობებისთვისაც. საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიწაზე მშვიდობიანად თანაარსებობს ქრისტიანული და მუსლიმანური სამყარო, მათ შორის მუსლიმანური სამყაროს სხვადასხვა მიმდინარეობები და ეს მართლაც სამაგალითოა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ერთი მიწა გვზრდის, ერთი მიწის შვილები ვართ და ერთად უნდა ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელშიც ჩვენი შვილები და შვილთაშვილები ასევე ძმურად იქნებიან ერთმანეთის მიმართ, “ – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მუსლიმანებს მოახლოებული დღესასწაული რამაზან-ბაირამი წინასწარ მიულოცა და მათ სულიერი სიმშვიდე და კეთილდღეობა უსურვა.
პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ იფთარს თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეთმურად მურატოვი დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0