დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, ე.წ. წითელი ბაღი დღეს, 20:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება. დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ.
„ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და სამუშაოები უკვე დასრულებულია. გუშინ პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე და რეაბილიტირებული პარკი დავათვალიერე. გულწრფელად გეტყვით, ემოციებს ვერ ვმალავ, ისეთი ლამაზი გამოვიდა. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის ორი საბავშვო მოედანი მოეწყო, ძაღლებისთვის გამოყოფილია კონკრეტული ადგილები. ასევე, არის სასეირნო და სარბენი ბილიკები. ყოველ საღამოს, რა დროსაც არ უნდა მიხვიდეთ, პარკი სავსეა სხვადასხვა ასაკის ადამიანებით – სეირნობენ, დარბიან ან ბავშვებს ასეირნებენ. ეს გარემო, სიტუაცია მართლაც ულამაზესია. ასეთი თბილისი, ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული იქნება თავისი ინფრასტრუქტურით. მჯერა, რომ ჩვენი შრომით, ძალისხმევით ამას მივაღწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა კომპანია „აქსისს“ მადლობა გადაუხადა, რომელმაც ერთი საბავშვო მოედნის მოწყობის სამუშაოები დააფინანსა. კახა კალაძემ ასევე, მადლობა გადაუხადა „ვითიბი ბანკს“, რომელიც პარკში დაგეგმილი ღონისძიების პარტნიორია.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პარკი საზეიმოდ დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება. ასევე, გაიმართება სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი. ღონისძიების სპეციალური სტუმარი ნანი ბრეგვაძე იქნება. კახა კალაძემ დედაქალაქში სხვა პარკების რეაბილიტაციის პროექტების შესახებაც ისაუბრა.
„სწორედ ასეთი პარკების მოწყობა გვსურს ქალაქში. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული. ეს არის ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია, უახლოეს პერიოდში კი ვაკის პარკზე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. ასევე, ვიწყებთ დიღმის ჭალების 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი პარკის გაშენებას. ჩვენი მთავარი გამოწვევა არსებული ეკოლოგიური პრობლემის მოგვარება და მოწესრიგებაა. სწორედ ასეთი პროექტებითაა ეს შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ტაქსების რეფორმის ფარგლებში იმ პირთა წრე იზრდება, რომლებსაც შეუძლიათ, ვაუჩერული დაფინანსებით ისარგებლონ. კახა კალაძის განცხადებით, გუშინ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ტაქსების რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ რეგულაციებში ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს.
„ტაქსების რეფორმის ფარგლებში იზრდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ვაუჩერული დაფინანსებით. ჩვენს რეგულაციაში ტაქსის მძღოლების გარკვეული კატეგორია ვერ ხვდებოდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ 10 ოქტომბრამდე აიღეს ტაქსის ნებართვა, შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები, რის გამოც, ვაუჩერული პროგრამით ვეღარ სარგებლობდნენ. ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან და მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება SMS კომუნიკაცია, დაბეჭდილილია შესაბამისი ფლაერები, რომლებიც ტაქსის მძღოლებს მომდევნო დღეების განმავლობაში დაურიგდება, რათა ამ გადაწყვეტილებებზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, პირები, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს ტაქსის რეგისტრაცია, სატრანსპორტო საშუალებების შეცვლისა და ახალი ნებართვის აღების მიუხედავად, შეძლებენ მიმართონ კომპანიას და მიიღონ ღებვის, ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერები, პირველი ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი შეღავათი დაიშვა 11 ოქტომბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით გაცემული ნებართვის მფლობელებზე. მათ ვაუჩერული პროგრამა საერთოდ არ ეხებოდათ, თუმცა თუ ეს პირები არაუმეტეს 15 წლის ასაკის სატრანსპორტო საშუალებებს ფლობენ, ისინი ასევე, შეძლებენ ვაუჩერების მიღებას. თბილისის მერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მძღოლების დიდი ნაწილი, რომელთაც ავტომობილი გამოცვალეს, უკმაყოფილო რჩებოდა, ხოლო ამ ცვლილებებით და რეგულაციების გამარტივებით მათ ვაუჩერის მიღების შესაძლებლობა მიეცათ. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოებას კიდევ ერთი გადაწყვეტილება გააცნო.
„გარდა ამისა, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, თქვენ იცით, რომ ექსკლუზიურად A კატეგორიის ტაქსებისთვის გამოვყავით უფასო საპარკინგე ადგილები. გუშინ ტაქსის მფლობელების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრისას მათ წარმოადგინეს დამატებით 14 მისამართი, 34 საპარკინგე ადგილზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ A კატეგორიის ლიცენზიის მქონდე ტაქსებისთვის აღნიშნულ მისამართებზე პარკინგი დაემატოს. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე, დედაქალაქის მასშტაბით, უკვე 437 საპარკინგე ადგილია გამოყოფილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან აქტიურად თანამშრომლობს.
„ამ რეგულაციებით ეს რეფორმა არ სრულდება. მომდევნო თვეების განმავლობაში შემოვა სიახლეები და რა თქმა უნდა, სრულ ინმფორმაციას მივაწვდით, როგორც ტაქსის მძღოლებს, ასევე, მოსახლეობას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ზოგადად, ტრანსპორტი და განსაკუთრებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე თვის ბოლოს ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. საგზაო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და გამზირიც ნაწილობრივ ჩაიკეტება, რათა მოსახლეობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილებისას პრობლემა არ შეექმნას.
„ჩვენი წლევანდელი ბიუჯეტი განსაკუთრებულია და საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. თვის ბოლოს ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას დავიწყებთ, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. როდესაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ამ პროექტზე საუბარი გვქონდა, აღინიშნა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები ისეთ მდგომარეობაშია, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოძრავი ავტომობილი მიწაში აღმოჩნდეს. არის მონაკვეთები, რომლებიც ჩავარდნილია, მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა და ეს ყველაფერი მიწისქვეშა კომუნიკაციების ბრალია, რომლის რეაბილიტაციაც აქამდე არ განხორციელებულა. გვესმის, თუ რამდენად რთული იქნება ამ გამზირის გადაკეტვა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტი ეტაპობრივად განვახორციელოთ, რათა ქალაქის პარალიზება არ გამოიწვიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პირველ რიგში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე მონაკვეთი ჩაიკეტება, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. მიწისქვეშა კომუნიკაციების პარალელურად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, გამზირის მოწესრიგების სამუშაოებს განახორციელებს.
„კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერს“ ჩამოყვანილი ჰყავს გერმანელი ექსპერტები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობას ზედამხედველობას გაუწევენ. პარალელურად, ჩვენი საქალაქო სამსახური კონტრაქტორთან ერთად, გამზირის მთლიანად მოწესრიგებას დაიწყებს. ეს არის საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, გარე განათების ქსელის შეცვლა, LED განათებების დამონტაჟება, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ განთავსება, გამწვანების სამუშაოების ჩატარება. განახლებული, ყველანაირად მოწესრიგებული გამზირი გვექნება, რომელზეც შესაბამისი საავტობუსო ზოლები განთავსდება, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყველაზე სწრაფად იმოძრაოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის დროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომანქანების გადაადგილების შესახებ მოსახლეობას სრული ინფორმაცია ექნება.
„დაახლოებით, 2.5 კილომეტრი სიგრძის გამზირია. მაქსიმალურად შევეცდებით, ავტომობილებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს პრობლემები არ შევუქმნათ. სანამ უშუალოდ სამუშაოები დაიწყება, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კომუნიკაცია გვექნება. მძღოლებს და მოსახლეობას სრულ ინფორმაციას მივაწვდით, თუ როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და როგორ იქნება შესაძლებელი ავტომობილებით გადაადგილება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ მეტროს ვაგონების განახლებასა და რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 40 სრულიად ახალ, თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონს შეისყიდის.
როგორც მან აღნიშნა, მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დედაქალაქის მოქმედი მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგანაც მხოლოდ 2018-2019 წლებში, ამ მიმართულებით გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტია.
„სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრის დროს არ შემიძლია, არ შევეხო მეტროში არსებულ მდგომარეობას. მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის მიზნით, 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ. განახლდება ძალოვანი კაბელი, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემები. პროექტის ფარგლებში, ჩვენ რვა ახალი შემადგენლობა გვყავს დამატებული და სექტემბრისთვის კიდევ ოთხი შემადგენლობა დაემატება, თუმცა „მეტროპოლიტენში“ დღეს 1975 წელს წარმოებული, დაახლოებით, 52 ვაგონი მოძრაობს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე წელიწადში გაუვა და მოდერნიზებას აღარ დაექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროულად უნდა ვიზრუნოთ ახალი ვაგონების შესყიდვაზე. ვაფორმებთ ხელშეკრულებას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანიასთან, რომელმაც თავისი კრიტერიუმებით, ტექნიკური წინადადებები უნდა მოგვიმზადოს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახალი ვაგონების შესყიდვა. მხედველობაში მაქვს ევროპული, მაღალი სტანდარტის მქონე მეტროს ვაგონების შესყიდვა. ამ თემაზე პირადად მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, 2020-2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი ჯამში, 40 ახალ ვაგონს შეისყიდის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, მთავრობის სხდომაზე, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მეტროსადგურების სრული რეაბილიტაციის გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სადგურების რეაბილიტაციის დაწყებამდე, სტანდარტით გათვალისწინებული ყველა საჭირო კვლევა ჩატარდება.
„მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა მიმდინარეობს. ამის შემდეგ დეტალური პროექტირება მოხდება. ვიცით, რომ ეს დროში ცოტა გახანგრძლივდა, თუმცა იმისთვის, რომ არ მივიღოთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მსგავსი შემთხვევა, საფუძვლიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო. შესაბამისად, ჩვენ მიერ ხდება თანმიმდევრულად და სწორად მოქმედება – სადგურების კონსტრუქციული ელემენტების მდგრადობის შესწავლა. ამის შემდეგ მოხდება პროექტირება და სამუშაოები შესრულდება. თითოეულ ეტაპზე, საექსპერტო სამუშაოები ჩატარდება. ეს კი გარკვეულ დროსთან და დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტის რეაბილიტაციის დროს, შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მივყვებით, როგორც წესი და თანმიმდევრობა იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მეტროს ვაგონების განახლებისა და შესყიდვის პარალელურად, გამოვლინდა სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტირებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია.
„სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიმართულებით, მიწისზედა მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გვქონდა გავრცელებული. ასევე, გვინდოდა კვლევები ჩაგვეტარებინა სამგორი-რუსთავის მიმართულებით, რათა თბილისი და რუსთავი მეტროთი იყოს დაკავშირებული. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი პროექტირებაზე. გვყავს გამარჯვებული კომპანია – ILF Consulting Engineers Austria GmbH-ის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელმაც ორივე ხაზისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (მიზანშეწონილობის ანალიზი) უნდა განახორციელოს. ასევე, მოამზადოს პროექტი და სატენდერო დოკუმენტაცია სამგორი-ლილოს ხაზის მშენებლობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კვლევის შედეგად, გამოიკვეთება, რამდენად არის შესაძლებელი რუსთავთან დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება.
„საკონკურსო პროექტის ბიუჯეტი 12 762 530 ლარია და ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს. შემდეგ, როდესაც სრული დოკუმენტაცია გვექნება, მშენებლობის დაწყებაზე ტენდერს გამოვაცხადებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, თბილისში 50 ახალი ავტობუსი უკვე ჩამოვიდა, 40 კი უახლოეს მომავალში ჩამოვა. რაც შეეხება დამატებით 220 ერთეულ, 8-მეტრიან ავტობუსებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მათ შემოყვანას წლის ბოლომდე უზრუნველყოფს.
„იცით, რომ 90 ერთეული ავტობუსი შევისყიდეთ. 50 მათგანი უკვე თბილისშია და მოსახლეობას ემსახურება. 40 კი საქართველოში დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში შემოვა და ხაზებზე მუშაობას დაიწყებს. გარდა ამისა, 8-მეტრიან ავტობუსებზე გამოცხადებული ტენდერის ხელშეკრულება გაფორმებულია. წლის ბოლომდე გამარჯვებულმა კომპანიამ ISUZU-ს მარკის, ევრო 6 სტანდარტის 220 ერთეული ავტობუსი უნდა მოგვაწოდოს. გვინდა, რომ ყვითელი ავტობუსები, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია, ძალიან სწრაფად, სრულად ჩანაცვლდეს და ეს მიმართულება მოწესრიგდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის პროცესის დაწყებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის 40 საზაფხულო საბავშვო ბაღში, ორიდან ექვს წლამდე ასაკის 13 ათასი ბავშვის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი.
„ჩვენ ვიწყებთ თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოველწლიური სოციალური პროექტის – საზაფხულო ბაღების განხორციელებას. ივლისში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს. დღეიდან უკვე ხდება განაცხადების მიღება. 13 ათას აღსაზრდელს საშუალება ექნება, საზაფხულო ბაღებით ისარგებლონ. განაცხადების მიღება ელექტრონულად იწარმოებს. პროექტში მონაწილეობის მიღება 2-6 წლამდე ასაკის ბავშვებს შეეძლებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ელექტრონული რეგისტრაცია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე: www.kids.org.ge მიმდინარეობს.
ბოლო საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა, დედაქალაქის მასშტაბით არსებული დაავადებული ფიჭვების წამლობისა და მათი ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლების პროცესია. მისი თქმით, ქალაქში არსებული ფიჭვების 90% უმძიმეს მდგომარეობაშია.
„ჩვენდა სამწუხაროდ, ის დაავადება, რომელიც ამ ფიჭვებს აქვთ, გადამდებია. ეს სერიოზული პრობლემაა და მგონია, რომ მხოლოდ თბილისს არ ეხება, რადგან სხვადასხვა რეგიონშიც გვაქვს ანალოგიური პრობლემა“, – განაცხადა კახა კალაძემ და გამხმარი, დაავადებული ფიჭვების ფოტოებიც წარმოადგინა.
თბილისის მერმა განმარტა, რომ დაავადებულ მცენარეს გარეგნულად არაფერი ეტყობა, თუმცა ქერქის შიგნით პარაზიტების თვალსაზრისით, უმძიმესი მდგომარეობაა. დედაქალაქში ფიტო-სანიტარიული ჭრების პროცესის მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია საზოგადოებას მერის მოადგილე მაია ბითაძემ მიაწოდა.
„მდგომარეობა ძალიან მძიმეა. პრობლემა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში დგას. ეს დაავადება 1990-იანი წლებიდან გავრცელდა, თუმცა სამწუხაროდ, არასწორი პრეპარატების გამოყენება და შეწამვლა ხდებოდა, ტარდებოდა სოკოს საწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც აბსოლუტურად არაეფექტური იყო. ეს დადასტურდა იმ კვლევებით, რომელიც ჩვენმა ესპანელმა პარტნიორებმა გაგვიკეთეს. შესაბამისად, მთლიანად ვცვლით დამოკიდებულებას. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის უპრეცედენტო შესყიდვას ვიწყებთ უახლოეს დღეებში, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში, ფიტო-სანიტარიული ღონისძიებების თვალსაზრისით, სრულიად ახლებურ მეთოდებს დაამკვიდრებს. მთელი თბილისის ურბანული გარემო ფიჭვების კუთხით უკვე დაყოფილია რამდენიმე უბნად. ყველაზე მთავარია, რომ ადგილებზე განვათავსოთ ფერომონები და დაავადება ვმართოთ. არსებული დაავადებული ხეები მთლიანად ამოღებული იქნება გარემოდან, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დაავადების გავრცელების მარშრუტი დავადგინოთ, რისი რესურსიც სამწუხაროდ, არათუ თბილისს, ქვეყანას არ აქვს. შემოგვაქვს მკურნალობის ახალი საშუალებები – ინექციები, რომელიც საქართველოში ჯერ არ გამოყენებულა. ვფიქრობ, რომ ის სამწლიანი შესყიდვის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ამ პრობლემას არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ჭრები, ასევე, დარგვის ღონისძიებები“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
აქვე, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა ქალაქისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. მისივე თქმით, მერიის მიერ დაწყებული პროექტის განხორციელების შედეგად, ის ფიჭვები, რომელთა წამლობაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, გადარჩება, ხოლო დაავადებული ხეები მოიჭრება, რათა სხვა, ჯანსაღი ნარგავებიც არ დააზიანოს. მერმა ასევე განმარტა, რომ ჭრების პარალელურად, დედაქალაქში ახალი ხეები დაირგვება.