ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთში სპორტული ობიექტები მოინახულა

22/06/2016

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში არსებულ სპორტულ ობიექტებს ეწვია. ასპინძაში მინისტრმა ახლად რეაბილიტირებული საჭიდაო დარბაზი მოინახულა, სადაც ძიუდოს კლუბ ,,შორეთის“ სპორტსმენებს გაეცნო და საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.

მინისტრმა დაბა ასპინძაში რაგბის ბაზა და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა, ასევე პატარა მორაგბეებს შეხვდა და საჭირო ინვენტარი გადასცა. აღსანიშნავია რომ ასპინძის რაგბის ბაზაზე ახლახანს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური კლუბი – „ ტაო“ დაფუძნდა, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ მხარდაჭერილი პირველი სარაგბო გუნდი საქართველოში. კლუბის დაფუძნების მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რაგბის ახალ საფეხურზე აყვანა და პოპულარიზაციაა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი ქალაქ ახალციხეში სასპორტო სკოლასაც ეწვია, სადაც ძალოსანთა კლუბის წევრებს შეხვდა და მათ მიღწევებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში მან ასევე, მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც რეგიონში სპორტის მიმართულებით არსებობს და აღნიშნა რომ, მათ მოსაგვარებლად სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0