თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, გუშინ ღამით მოსული უხვი ნალექის რაოდენობამ 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას ორჯერ გადააჭარბა, შესაბამისი სამსახურების წარმომდგენლები კი მზადყოფნაში იყვნენ და რეაგირებაც დროულად მოხდა.
„გუშინ ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა არაერთი პრობლემა შეუქმნა დედაქალაქს. ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს. შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებული გვყავდა. ამინდის ცვლილებასთან ერთად, ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა. ამჯერადაც რეაგირება იყო დროული, სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ 2-ჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. თან წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, გავრცელებული განცხადებები, თითქოს, დედაქალაქის მასშტაბით, სანიაღვრე სისტემებმა არ იმუშავა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„პირველივე წუთებში მერიის შესაბამისი უწყებები უკვე იმყოფებოდნენ პრობლემურ ადგილებზე და ცდილობდნენ საჭირო ღონისძიებების გატარებას. ეს მიმდინარეობდა მთელი ღამე. დატბორილი იყო ქუჩები, სახლები, სარდაფები, რამდენიმე ქუჩაზე წაიქცა ხეები, რამაც ელექტროსადენები დააზიანა, თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა – მათ შორის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის პრობლემურ მონაკვეთზე. ასევე, მცირე ქვათაცვენა იყო თამარაშვილის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ფერდობებიდან. აქ უკვე გაწმენდილია გზები და გადაადგილება უპრობლემოდ ხდება. გუშინ პირადად ვიმყოფებოდი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც შეტბორილი იყო თამარ მეფის პანდუსზე ამსვლელი გზა. ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს, სანიაღვრე სისტემები არ მუშაობს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემები გვაქვს. სწორედ ამიტომ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, პირველ რიგში, მსგავს კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ. წუხელ პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე ცხაურები ნაგვით იყო დაფარული და ეს უშლიდა წყლის ჩადინებას. ამის მიუხედავად, კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მე ვიყავი, სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობდა, გვიწევდა ამ ყველაფრის ხელით გაწმენდა. წვიმის გადაღებისთანავე, ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტზე და მთლიანად დაცლილი იყო შეტბორილი არეალი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა დროული რეაგირებისა და გაწეული სამუშაოების ჩატარებისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამშრომელს, გამგებლებს, ყველა სამსახურის, ყველა გამგეობის წარმომადგენელს, ვინც მონაწილეობდა პრობლემების აღმოფხვრაში. მერიის ცხელი ხაზი მთელი ღამე მუშაობდა, შემოდიოდა ზარები და ყველა ლოკაციაზე შესაბამისი რეაგირება მოხდება. თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში იყო სრული მობილიზება, როგორც გამგეობების, ისე მერიის სხვადასხვა უწყების მხრიდან. რასაკვირველია, დღესაც და მომდევნო დღეებშიც გავაგრძელებთ შესაბამის სამუშაოებს. „თბილსერვის ჯგუფი“ მთელი ღამე მუშაობდა. სამსახურის ხელმძღვანელს, დავით ფაჩულიას მინდა მადლობა გადავუხადო და თითოეულ თანამშრომელს. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო სამსახურს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დროულად და ოპერატიულად გაწეული დახმარებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ რიგ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში საბავშვო ატრაქციონი არასწორად დამონტაჟდა, „ფეიკნიუსია“.
მანვე საზოგადოებას წარუდგინა ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია, როგორ მუშაობს აღნიშნული ატრაქციონი.
„ფეიკნიუსების“ მიზანი თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაცია და საზოგადოების დეზინფორმირებაა. გუშინ რიგი მედიასაშუალებები სიცრუეს ტირაჟირებდნენ, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა არასწორად, უკუღმა. საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისთვის, ვისაც უხარია დედაქალაქის წინსვლა, გავაკეთებთ განმარტებებს. ამ ადამიანებს კი აქვთ უფლება, აირჩიონ როგორ გააგრძელონ თავიანთი ჟურნალისტური საქმიანობა. არავინ გზღუდავთ, დემოკრატია გვაქვს ქვეყანაში, თუმცა სიცრუის უფლებას არ მოგცემთ და მას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გადატვირთული სატრანსპორტო კვანძი რეაბილიტირდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის გზის გამტარობას.
„დედაქალაქში საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისა და განტვირთვის მიზნით, სხვადასხვა უბანში იდენტიფიცირებული გადატვირთული სატრანსპორტო კვანძების მოწესრიგება გრძელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო საგზაო კუნძულები, კეთილმოეწყო ტროტუარი და ბორდიური, გამოიცვალა ასფალტის საფარი, დაიხაზა გზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, ასევე, ავტობუსის გაჩერებებზე დაიგო რკინაბეტონის საფარი. ამჟამად, აღნიშნულ კვანძზე გამავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის 35-მდე მარშრუტი, დღიურად, 130 000-მდე მგზავრს ემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ტაბახმელაში, თრიალეთის ქუჩა N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. საერთაშორისო სტანდარტების სპორტულ კომპლექსს მთაწმინდის რაიონის გამგეობა 7 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოაწყობს.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ რეკრეაციული სივრცეები, სპორტული მოედნები ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. ამ მხრივ, თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. მინდა, ერთ კარგ პროექტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია – სპორტული კომპლექსი, რომლის სამუშაოებსაც მთაწმინდის გამგეობა ახორციელებს, 7 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. პროექტი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს, 230 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, ტექნიკურ შენობას გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით, ასევე საპარკინგე სივრცეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სამუშაოები მომდევნო კვირების განმავლობაში დაიწყება. ამასთან, კახა კალაძემ საქართველოს პარანაკრებს ევროპის პარაჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. მისი თქმით, ევროპის პარაჩემპიონატზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა, საქართველოს პარანაკრებმა 16 მედლის მოპოვება შეძლო, აქედან ოთხი ოქროა, სამი ვერცხლი, ხოლო ცხრა ბრინჯაო. ერთ-ერთი გამარჯვებული კი, რომელმაც პარატაეკვანდოში ოქროს მედალი მოიპოვა, მერიის სისტემის თანამშრომელი გიორგი ხიზანიშვილია.
„გიორგი ხიზანიშვილი 2018 წლის აგვისტოდან თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში, კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, დარბაზის ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობს და არა მარტო სპორტული ცხოვრებით, არამედ მრავალპროფილური განათლებით და სამოქალაქო აქტივიზმითაც გამოირჩევა. ის ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. რაც შეეხება პარასპორტს, გიორგიმ ბოლო წლებში ბევრი წარმატება მოიპოვა და მინდა, ასეთივე წარმატებით გაგრძელება ვუსურვო. ჩვენთვის სასიხარულოა ასეთი შედეგები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას მისი ხელმძღვანელი ლაშა სამხარაძე ტოვებს.
„მინდა, მას მადლობა გადავუხადო 9-წლიანი გაწეული შრომისთვის, მაღალი პასუხისმგებლობისთვის და ასეულობით შედეგიანი საქმისთვის. მადლობას ვუხდი მას იმ წლებისთვის, რაც ერთად ვიმუშავეთ, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ამ ქალაქისთვის კონკრეტული პროექტების განხორციელებით. მინდა, წარმატებები ვუსურვო შემდეგ საქმიანობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.