სწორედ ამის შემდეგ შეიძლება ახალი და აუცილებელი საკანონმდებლო ნაბიჯები გადაიდგას

13/05/2016

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საკანონმდებლო ბაზის შექმნას ურჩევს პარლამენტს.
ასოციაციამ დღეს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქმიანობის მონიტორინგის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც ასოციასთან ერთად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მოამზადა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტი ღიაა ყველასთვის და მზად არის მოისმინოს მონიტორინგის შედეგები იმ ფონზე, როცა სასამართლო რეფორმა მიმდინარეობს.
„საკანონმდებლო პაკეტის მიღებით, რომელიც თითქმის ფინალურ ეტაპზეა, ვერ ვიტყვით, რომ დავასრულეთ მასზე მუშაობის პროცესი. პროცესი უნდა გავაგრძელოთ. იმას, თუ როგორ იმუშავებს ეს კანონი, დავაკვირდეთ კანონმდებლობის აღსრულების პროცესში. დავაკვირდებით პრაქტიკაში რა ხარვეზები გამოვლინდება. პრობლემების დანახვისა და გაანალიზების შემდეგ ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ უკვე შემდეგ ეტაპზე. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება ახალი და აუცილებელი საკანონმდებლო ნაბიჯები გადაიდგას. ეს იქნება არასწორი ვთქვათ, რომ რეფორმა დასრულდება ამით, ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან ინტენსიურ მუშაობას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
სასამართლო სისტემაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესები შეშფოთებას და ნეგატიურ შეფასებას იწვევს როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოებისა და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, ასევე ქვეყნის გარეთ. „იუსტიციის საბჭოში ხდებოდა ძალიან პრობლემური პროცესი – საგანგაშო და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღება. ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებათა კომისარმა ძალიან მკაცრად გააკრიტიკა იუსტიციის საბჭო და აშშ ძალიან კრიტიკული იყო სახელმწიფო ანგარიშის სწორედ ამ ნაწილში. ეს ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი შეფასებით, წლიდან წლამდე პრობლემები არ იცვლება. მისივე მოსაზრებით, საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უნდა არეგულირებდეს იუსტიციის საბჭოს საქმიანობას, პრაქტიკულად არ არსებობს. როგორც ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ მოწვევის პარლამენტმა 3 წლის წინ მნიშვნელოვანი და პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც საბჭოს შემადგენლობა შესაბამისობაში მოიყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან და მოხდა შემადგენლობის დეპოლიტიზება. „ ეს იყო უდაოდ წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მას მიაჩნია, რომ ორგანოს საქმიანობა, რომელსაც ძალიან ბევრი უფლებამოსილება აქვს მინიჭებული, პრინციპების დონეზეც კი არ არის დარეგულირებული და არ არსებობს პროცედურა, რომელსაც საბჭო უნდა ექვემდებარებოდეს. ანა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი და ეფექტური ინსტიტუტები იქმნება მაშინ, თუ არსებობს შემადგენლობის განსაზღვრის წესი და მყარი და გამართული ნორმატიული ბაზა. მისი მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა კანონით დაარეგულიროს. „იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ძალიან ბევრი უფლებამოსილება, მაგრამ სამწუხაროდ, არა აქვს ანგარიშვალდებულების მექანიზმი და სტანდარტი. საბჭოს არც ერთი გადაწყვეტილება კანონით არ საბუთდება, ანუ კანონი არ ავალდებულებს საბჭოს დაასაბუთოს გადაწყვეტილებები, რასაც ის იღებს. ის კი ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. ორგანო, რომელსაც ამხელა ძალაუფლებას ვაძლევთ – მართოს სასამართლო სისტემა, თავად არ არის კანონის ჩარჩოებში მოქცეული და მთლიანად თვითრეგულირებაზეა დატოვებული”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
სხდომაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ეკატერინე ციმაკურიძემ დეტალურად გააცნო დეპუტატებს ანგარიშში მითითებული კონკრეტული მაგალითები. მისი თქმით, ეს ფაქტები და მაგალიტები დეპუტატებს დაეხმარება პრობლემების იდენტიფიცირებაში და ზუსტად ასახავს, პრაქტიკაში თუ რა პრობლემებს აწყდება იუსტიციის საბჭო.
ანგარიშის თანახმად, 2011-2015 წლებში, მოსამართლეთა, დაახლოებით, ნახევრის მიმართ გამოყენებული იყო კონკურსის გარეშე სხვადასხვა სასამართლოში გადაყვანის მექანიზმი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა გადაყვანა ხორციელდებოდა გაუმჭვირვალედ, მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპის სათანადო პატივისცემის გარეშე. ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის შეფასებით, ორგანული კანონი, რომელიც მოსამართლის გადაყვანას არეგულირებს, არის ბუნდოვანი და საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას და დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფართო შესაძლებლობას.
უმცირესობის წარმომადგენელმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა სხდომაზე სასამართლო რეფორმა უარყოფითად შეაფასა. სხდომის წამყვანმა, ეკა ბესელამ მას რეგლამენტის დაცვა და მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა, რასაც დეპუტატი არ დაემორჩილა, რის გამოც სხდომის წამყვანმა სხდომის დასრულება გადაწყვიტა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0