საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დირექტორმა საულიუს ურბანავიჩიუსმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“.
შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას კორუფციის პრევენციის, კორუფციასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საკითხებზე.
ლიტვის რესპუბლიკის გამოძიების სპეციალური სამსახურის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს, ასევე, საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ჩართული სხვა უწყებების, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის შესაბამის წარმომადგენლებთან.