სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ერთი პირი დააკავა

30/07/2016

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე ახმეტის რაიონის სოფ. დუისში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული ვახტანგ ხანგოშვილი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2016 წლის 29 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მომხმარებლის სახელით Dau Levski გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია.
აღნიშნულ ფაქტზე სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით და იმავე დღეს დადგინდა ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ტერორისტული აქტის ქმედების ჩადენის მუქარის ავტორი – ვახტანგ ხანგოშვილი.
ამავე დღეს განხორციელდა ვახტანგ ხანგოშვილის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი მისამართის ჩხრეკა.
დაკითხვის პროცესში, დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე ითვალისწინებს).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0