გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს გურჯაანის ოფისში, აგროპროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო ცენტრის მუშაობას გაეცნო. მინისტრმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან ექსპორტზე გასატანი პროდუქციისთვის საჭირო ფიტოსანიტარიული პროცედურების და სერტიფიცირების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახურთან ერთად, ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციას „ერთი ფანჯრის“ პრინციპით გასცემს.
„კახეთში მოქმედი საკოორდინაციო შტაბი კოორდინაციას უწევს სრულ პროცესს. ექსპორტიორებს შეუძლიათ, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, მარტივად აიღონ ყველა საჭირო დოკუმენტი. ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის ხელშეწყობა, ფერმერების მხარდაჭერა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწორედ ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულ საჭიროებებზე, რათა ყველა მიმართულებით გვქონდეს წარმატებული შედეგი”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
საკოორდინაციო ცენტრში მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. სურსათის ეროვნული სააგენტო განაცხადის საფუძველზე ახორციელებს საექსპორტო ტვირთის შემოწმებას, რის მიხედვითაც გაიცემა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი.