სტუდენტები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“

06/04/2016

ნატოს კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ სტუდენტები ესტუმრნენ. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ცენტრის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორი თენგიზ ციხისთავი სტუმრებს სასწავლო ცენტრის ისტორიის, დანიშნულების, სტრუქტურისა და არსებული კურსების შესახებ ესაუბრა.
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ინფორმაცია თუ სად და რა ვითარებაში გადიან მომზადებას ქართველი ჯარისკაცები.
შეხვედრის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს. სტუდენტები სიმულაციური სროლის კლასსაც ეწვივნენ და M4 ტიპის სასწავლო იარაღიდან გაისროლეს.
ნატოს კვირეული 4 აპრილს გაიხსნა და 19 აპრილს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ სტუდენტები საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ესტუმრებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0