სტუდენტებისგან კონკრეტულ ინიციატივებს ველოდებით

23/03/2016

სტუდენტებისაგან კონკრეტულ მოდელებსა და ინიციატივებს ველოდებით, რომ სამუშაო წინ წავწიოთ და აქტიურ რეჟიმში გადავიდეთ, – ამის შესახებ თამარ სანიკიძემ განაცხადა.
განათლების სამინისტროში მინისტრის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის, ასევე “აუდიტორია 115”-ის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. თამარ სანიკიძის თქმით, სტუდენტებთან შეხვედრაზე ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ, რომელსაც თვითმმართველობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები დაეფუძნება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს სტუდენტები ითხოვენ.

“პრინციპებზე შეთანხმება შედგა და მასზე იქნება მორგებული ის მოდელი, რომელსაც ახალგაზრდები შემოგვთავაზებენ. ჩვენი მხრიდან ვისაუბრეთ იმ ვადებზე, რომელიც გვჭირდება ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის დასაყენებლად და პარლამენტში გადასაგზავნად. ამდენად, ვიმსჯელეთ, რომ საკმაოდ შეზღუდული ვართ ვადებში და დროულად უნდა მოხდეს ამ ცვლილებების განხორციელება. დანარჩენი საკითხები პრინციპების დონეზე შეთანხმებულია. ველოდებით სტუდენტებისგან კონკრეტულ მოდელებსა და ინიციატივებს იმისთვის, რომ სამუშაო წინ წავიგდოთ და აქტიურ რეჟიმში გადავიდეთ. ვფიქრობ, პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. მთავარია, ვადებში ჩავეტიოთ და თვითმმართველობის არჩევნები ახალი წესით და ახალი სტრუქტურით ჩატარდეს”, – განაცხადა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0