სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საოჯახო ტექნიკა ეტაპობრივად გადაეცემა

14/01/2016

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თბილისის მერიასთან და ვაკის გამგეობასთან ერთად 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საოჯახო ტექნიკა გადასცა. საყოფაცხოვრებო ტექნიკას სტიქიით დაზარალებული 234 ოჯახი მიიღებს.

დაზარალებულებს ტექნიკა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ გადასცეს.

„წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით და კერძო დონორების მხარდაჭერით, დღეს სტიქიით დაზარალებულ ყველა ოჯახს გადაეცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ეს არის კიდევ ერთი მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ. თბილისის მერიის მიერ პრაქტიკულად დასრულებულია საცხოვრისით უზრუნველყოფის ნაწილი. 50 ოჯახს მიღებული აქვს შესაბამისი კომპენსაცია და ეს შეადგენს 15 მილიონ ლარზე მეტს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მეორე კატეგორიის დაზარალებული ოჯახების სახლების რეაბილიტაციის პროცესი, ასევე ბოლო გადაწყვეტილებით, ყველა დაზარალებული მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა სტიქიის ზონაში და დაუზიანდა ავტომობილი, მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სტიქიით დაზარალებულთათვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძინეს შემდეგმა კომპანიებმა: ბანკი რესპუბლიკა, BP საქართველო, ვიმ-ბილ-დან საქართველო, Delloite, KPMG.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0