სტიქიას შუახევში ამ დრომდე ებრძვიან

17/10/2017

უამინდობა გრძელდება. დროგამოშვებით ძლიერად წვიმს. მდინარეებში წყლის ნაკადმა უკიდურესად მოიმატა. დაიღვარა, დაზიანდა საავტომობილო გზები. გააქტიურდა მეწყერული პროცესები, განვითარდა ქვათაცვენა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, შენობა-ნაგებობები.
ადიდებულმა წყალმა გუშინ წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში დაშალა 5 მეტრი სიგრძის ბეტონის ხიდი, რომლითაც სოფლები: ნაღვარევი და ინწკირვეთი უკავშირდებოდა ადმინისტრაციულ ერთეულს.ხიჭაური-ჭვანის გზაზე დაზიანებულია ხიდი.ხიჭაური-ჭვანის გზაზე კვლავ ჩამოვიდა მეწყერი და ამჟამად ცენტრალური გზა ჩაკეტილია. ჩაკეტილია შუახევი-შუბნის გზა ყურთისონის უბანში.
ჭვანა-ბარათაულის გზაზე დატბორილია გზის მონაკვეთი და ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.მეწყერის გამო ჩაკეტილია კობალთის, გორგივლი-დღვანის, კვირიაული-ტბეთის გზა ზვარეს უბანში. კვლავ განვითარდა მეწყერული პროცესები სოფელ წყაროთაში, ჩაიკეტა თერნალის უბნის გზა.
ბარათაულში საფრთხე დაემუქრა რამაზ ჭაღალიძის საცხოვრებელ სახლს. ქარიშხალმა დააზიანა მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები: წაბლანაში რევაზ თურმანიძის, ლაკლაკეთში როინ აბუსელიძის, ჯაბნიძეებში მაყვალა მუკუტაძის, რობერტ უსტიაშვილის, გოგაძეებში ნუნუ ბერიძის საცხოვრებელ სახლებზე ნაწილობრივ ახდილია სახურავი.
მეწყერული პროცესები განვითარდა დაბა შუახევში, ორთამელას უბნის გზის საწყისი დაიფარა მიწის მასით. მეწყერული კერებია სოფელ ოქროპილაურში.
სოფელ ნიგაზეულში ხიმშიაშვილთა საგვარეულო ციხის ქვემოთ გამოსკდა მიწა, საფრთხე დაემუქრა მიხეილ, ელგუჯა, ვასო ხიმშიაშვილების საცხოვრებელს სახლებს.
სოფელ ფურტიოში მეწყერი მიადგა რამაზ მახარაძის საცხოვრებელ სახლს.
ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ამჟამად დენი არ მიეწოდება შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს და ნაწილობრივ წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს: ნაღვარევის, ხაბელაშვილების მოსახლეობას. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მუშაობს საჯარო სკოლები, სკოლამდელი დაწესებულებები.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგანგებო შტაბის მუშაობა. ტარდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გზების, წყალსადენების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0