სტეფანწმინდის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი მანქანა გადაეცა

28/09/2023

სამედიცინო სერვისის სრულფასოვნად და ხარისხიანად მიწოდების მიზნით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა დაბა სტეფანწმინდის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გადასცა. პროექტი საქართველოში იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა. სასწრაფო დახმარების მანქანა თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებულია და გათვლილია მაღალმთიან რელიეფსა და მთის კლიმატურ პირობებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა, საჭიროების შემთხვევაში კი, – პაციენტის ტრანსპორტირება. საკითხის თაობაზე შეხვედრას, სტეფანწმინდის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურში, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში – იშიძუკა ჰიდეკი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ესწრებოდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ დღეიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა თუ ტურისტები, რომლებიც აქ მრავლად არიან, საჭიროების შემთხვევაში, გაუმჯობესებულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ. კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების ადგილზე მართვა, ტრანსპორტირება და სათანადო რეაგირება სასწრაფო დახმარების ახალი მანქანით კიდევ უფრო დროულად იქნება შესაძლებელი, რაც სასიხარულოა. მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონელ ხალხს, რომლებმაც აღნიშნული პროექტი დააფინანსეს. ეს არის საერთაშორისო პარტნიორობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,“ – განაცხადა დავით ნოზაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0