საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის 4.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 24 ივლისს დაიწყება და 28 ივლისს დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და სატენდერო პროცედურები საერთაშორისო შესყიდვის წესების შესაბამისად ჩატარდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 246 მილიონი ლარია. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი, E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის შემადგენელი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია. სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ფაქტობრივად, დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაივლის. ახალი გზა სტეფანწმინდასთან დაიწყება და დარიალის ახალ გვირაბამდე მივა. პროექტი 2 ზოლიანი 4.5 კმ-იანი გზის, 2 ხიდისა და 2 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, აქტიურად გრძელდება ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, სადაც მთავარი გვირაბი უკვე 6.6 კმ-ზეა გაბურღული, ხოლო საევაკუაციო გვირაბში სამუშაოები უკვე 4.7 კმ-ის სიღრმეში მიმდინარეობს. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მოდერნიზება, მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ისე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს წვდომას ყველა საჭირო ეკონომიკურ თუ სოციალურ სერვისზე წლის ნებისმიერ დროს და გზაზე გადაადგილება იქნება უსაფრთხო.
სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
15/06/2023