„სტარტაპ საქართველოს“ პროგრამა კერძო ინიციატივის წახალისების ერთ-ერთი პირდაპირი და წარმატებული მიმართულებაა“

28/12/2016

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის მორიგი გამარჯვებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.
პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში კიდევ ცხრა გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა როგორც დედაქალაქიდან, ისე საქართველოს რეგიონიდან მრეწველობის, მომსახურების, სოფლის მეურნეობის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, თითოეული პროექტი შეიცავს ინოვაციურ ელემენტებს, ემსახურება საქართველოს ბაზარზე ნაკლებად ათვისებული ან სრულიად ახალი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიის დანერგვას და იმპორტის ჩანაცვლებას.
„ამ პროგრამის მიზანი გახლავთ ის, რომ ინიციატივიანმა ადამიანმა შეძლოს წამოიწყოს კონკრეტული საქმე, რაიმე ბიზნესაქტივობა, რომელიც ბენეფიტის მომტანი იქნება მისთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც დაასაქმებს. ეს არის კერძო ინიციატივის წახალისების ყველაზე პირდაპირი და ვფიქრობ, ძალზე წარმატებული მეთოდი. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ არსებობს კერძო ინიციატივის წამახალისებელი სხვა პროექტებიც, მათ შორის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც რეგიონებში ძალიან წარმატებით ხორციელდება. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს აძლევს მარტივ შესაძლებლობას თავიანთი აქტივობა დააკონვერტირონ და მიიღონ კონკრეტული შედეგები“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.
„სტარტაპ საქართველოს“ პროგრამა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის მიერ ერთობლივად ხორციელდება. პროგრამის პირველი შესარჩევი კონკურსი 2016 წლის ივნისში გამოცხადდა. ინოვაციურ კომპონენტში დაფინასება 720 პროექტიდან 36-მა მიიღო, ხოლო მაღალტექნოლოგიურ ნაწილში 20 პროექტი დაფინანსდა. პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, გამარჯვებულების დაჯილდოება კი წელიწადში რამდენჯერმე ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0