ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, რომელიც მეშვიდედ გამოცხადდა, მნიშვნელოვანი ბერკეტია სახელმწიფოს ხელში, რითიც ვეხმარებით საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საგრანტო პროგრამის პრეზენტაციაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია თბილისის ტექნოპარკის ეზოში, გარე სივრცეში გაიმართა.
მინისტრის განცხადებით, ქართული სტარტაპები უკვე ძალიან კონკურენტუნარიანები არიან გლობალურად და გვაქვს წარმატებული მაგალითები, სადაც ჩვენმა სტარტაპებმა სახელმწიფოს დაფინანსების შემდეგ მოიზიდეს კერძო ინვესტიცია სილიკონ ველზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან. ნათია თურნავას თქმით, ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროში უკვე გლობალურად ძალიან მაღალკონკურენტუნარიანები და მაღალ დონეზე ვართ.
„მინდა ვუსურვო წარმატება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ჩვენს კონკურსებში და მინდა მადლობა გადავუხადო მათ მიზანსწრაფულობისთვის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დახმარებისა და საკუთარი ნიჭიერების შედეგად ქართული სტარტაპები მსოფლიო აღიარებას მოიპოვებენ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ასევე მოუწოდა ქართველ ინვესტორებს, ვინც უკვე დაიწყო ინვესტირება ახალ იდეებში, სტარტაპებში უფრო მეტი ინვესტიცია გაიღონ ჩვენი მომავლის სასარგებლოდ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ექვსი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 115 სტარტაპი დაფინანსდა. თითოეულ მათგანს 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.