სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში თავისუფალი და დაცულია ბიზნესი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი, ქვეყანაში დოვლათის შექმნის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში არსებული არასტაბილურობის და რყევების მიუხედავად საქართველო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მცულობამ კი შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო, ეკონომიკური ზრდის მონაცემებით, რეგიონში ლიდერობს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, მომავალი 6-წლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია.
„დღეს ჩვენ გვყავს არა არჩევნების გაყალბებით, დაშინებითა და ძალადობით მოსული, არამედ, ხალხის ნდობის საფუძველზე შერჩეული, ცხადია, არაუნაკლო, მაგრამ რაც მთავარია ადამიანის, როგორც მთავარ ღირებულებებზე ორიენტირებული ხელისუფლება. ამის თვალსაჩინო მაგალითს საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ერთ-ერთი მთავარი სოციალური ინსტიტუტი, ადამიანის თავისუფალი განვითარების ძირითადი საფუძველი – კერძო საკუთრება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ფეხქვეშ გათელილი და განადგურებული იყო. აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზირებული სფეროები, სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი, ჩვეულებრივ მეწარმეს მრავალწლიან პატიმრობად და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.