სპორტის კომიტეტში ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს

25/03/2024

პარლამენტის სპორტის კომიტეტში საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ 2023 წელს განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.

„2023 წელი ქართული ხელბურთისთვის წარმატებული წელი იყო. საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზური და ჩვენი გუნდის წევრების გამოსვლამ დიდი სიმპათიები დაიმსახურა“, – განაცხადა ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ მეიფარიანმა სპორტის კომიტეტის სხდომაზე.

ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ხელბურთის ფედერაციის დევიზია „იცხოვრე ხელბურთით“ და შესაბამისად, აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სპორტის სახეობის პოპულარიზაციის და განვითარებისთვის სპეციალური პროგრამები ხორციელდება. ვახტანგ მეიფარიანის განცხადებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის „სახალისო ხელბურთის“ სემინარები და პრაქტიკული ტრენინგები ეწყობა, სასკოლო ხელბურთის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული 20 სემინარის შედეგად, 250-მდე სკოლის 400 მასწავლებელი გადამზადდა და 200 მასწავლებელს საერთაშორისო ლიცენზია მიენიჭა. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 6 ჩემპიონატი იმართება.

„19 წლამდე ვაჟთა ნაკრებისთვის 2023 წელი გამორჩეული წელი იყო. 2022 წლის ერთა თასის ევროპის ზონის მოგების შემდეგ, ნაკრებმა 2023 წლის მარტში კოსტა-რიკაში კონტინენტთაშორის თასზე იასპარეზა, სადაც ტაიტის, ნიგერიის და ნიკარაგუის ნაკრებებს მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა“, – განაცხადა ვახტანგ მეიფარიანმა.

ფედერაციის პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევი მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კომიტეტის წევრები 9 მაისს, საქართველო-ავსტრიის მატჩზე დაპატიჟა. ხელბურთის ფედერაციის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბრისას ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაფინანსების საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია, ხელბურთის განვითარებისთვის შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის და საწვრთნელი ბაზების გამოყოფა. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და გაწეული საქმიანობისთვის ფედერაციის პრეზიდენტს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა და სპორტის ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 2023 წლის საუკეთესო გუნდად დასახელება მიულოცა. მისივე შეფასებით, ფედერაციას თუ შესაბამისი მხარდაჭერა ექნება სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო განვითარდება და არაერთი წარმატებული ხელბურთელი გაიზრდება.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლიდან წლამდე ფედერაციის დაფინანსება იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი თანხის გამოყოფა მოხერხდეს, რათა შიდა ჩემპიონატები კიდევ უფრო განვითარდეს და ხელბურთის თამაში უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“, – აღნიშნა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0