სპორტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში სპორტის პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს. სხდომა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, კომიტეტი, გასვლითი სხდომების ფორმატში, საქართველოს რამდენიმე რეგიონს უკვე ეწვია და ადგილზე გაეცნო იმ წარმატებებსა თუ გამოწვევებს, რომელიც ადგილობრივ სპორტულ საზოგადოებას აქვს. როგორც ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, იმისათვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სპორტის ხელშეწყობისთვის მეტი რესურსი და საშუალება მიეცეს, კომიტეტის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე მუშაობს. კომიტეტის წევრებს და მუნიციპალიტეტების მერებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე მიესალმა. მისი თქმით, შიდა ქართლის რეგიონში ბევრი წარმატებული სპორტსმენი აღიზარდა და ადგილობრივი ხელისუფლება ძალისხმევას არ აკლებს, რომ დიდი სპორტული ტრადიციები გაგრძელდეს. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სხვადასხვა სპორტული ტურნირების გამართვასთან ერთად, სპორტის სახეობებში „საზაფხულო სპორტული თამაშები“ ტარდება. კომიტეტის გასვლით სხდომაზე გორის, ხაშურის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების მერებმა მათ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. რაც შეეხება პრობლემებსა და გამოწვევებს, გამომსვლელებმა გორში, ხაშურსა და კასპში საცურაო აუზების აშენების მნიშვნელობაზე, დამატებით სპორტული მოედნების მშენებლობაზე, არსებული დარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე და მწვრთნელების ანაზღაურების სიმცირეზე ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, რეგიონში მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რის გამოც სპორტის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისივე თქმით, საცურაო აუზის მშენებლობა სოლიდურ ფინანსებს უკავშირდება და კომიტეტი მზად არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში შესაბამის სამინისტროებთან აღნიშნულ საკითხზე ისაუბროს. კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონში სპორტის სახეობებში ჩართულ მოსწავლე-ახალგაზრდებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ 4 ათასამდე ბავშვი აქტიურად ვარჯიშობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. გასვლითი სხდომა სპორტული ინფრასტრუქტურის დათვალიერებით გაგრძელდა. კომიტეტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი, ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზი, კრივის დარბაზი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა და ხაშურის სპორტული სტადიონი დაათვალიერეს.
სპორტის კომიტეტმა გორის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა
28/03/2024