სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის თემატურ მოკვლევას იწყებს

12/03/2021

პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევას „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“, რის შესახებაც სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდების რეალიზება, მათი პროფესიული განვითარება და დასაქმება, თუმცა ამ მიმართულებით ბოლო წლებში მიღწეული გარკვეული პროგრესი მნიშვნელოვნად შეაფერხა კორონავირუსის პანდემიამ და, შესაბამისად, ახალგაზრდების დასაქმების საკითხი დღეს კიდევ უფრო აქტუალურად დადგა დღის წესრიგში. სწორედ ამის გათვალიწინებით გადაწყდა, რომ კომიტეტი თემატურ მოკვლევას ჩაატარებს.

„თემატური მოკვლევის ფარგლებში მოხდება შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის, მოთხოვნადი უნარების/პროფესიების შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმის ნაკლოვანებების შეფასება და გაუმჯობესებისთვის ღონისძიებების განსაზღვრა; ახალგაზრდების დასაქმების და კარიერული განვითარების პროცესში არსებული არაფორმალური და ფორმალური განათლების სისტემის შეფასება, გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება; სტაჟირების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ შესაბამისი ზომებისა და მიდგომების განსაზღვრა; ახალგაზრდების დასაქმების პროცესში კერძო დასაქმების სერვისების შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული ახალგაზრდული ორგანიზაციებიც.

„საბოლოო ჯამში, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ერთი მხრივ, ახალგაზრდებში უმუშევრობის შემცირებას, მეორე მხრივ კი, შესაბამის სფეროებში მათ დასაქმებას და პროფესიულ განვითარებას“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თემატური მოკვლევის მიზნობრიობაზე საუბრისას, ამ საკითხის ინიციატორმა თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია სახელმწიფო ძალისხმევის კონცენტრირება, მობილიზება ახალგაზრდების დასაქმების ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად.

„ეს ინიციატივა უზრუნველყოფს ახალგაზრდების დასაქმების პრობლემისადმი კომპლექსურ და ფართო მასშტაბურ მიდგომას. მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდების დასაქმებაზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს და ეს ფაქტორები სახეზეა ეკონომიკის, განათლების, შრომის და სოციალური უზრუნველყოფის, რეგიონული განვითარების თვალსაზრისით და ასევე სხვა სფეროებში. ეს თემატური მოკვლევა უზრუნველყოფს ყველა აღნიშნულ სფეროში დარგობრივი უწყებების, სამინისტროების მიზნობრივი პროგრამების და პოლიტიკის შეფასებასა და გამოწვევების იდენტიფიცირებას. ჩვენ კონცენტრირებას მოვახდენთ ამ მიზნობრივი პროგრამების კოორდინაციის ეფექტიანობაზე. ამის შემდეგ კი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნება რეკომენდაციების შემუშავება და მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ნაბიჯებისა და ღონისძიებების განსაზღვრა“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, თემატური მოკვლევის ჯგუფში ჩაერთვებიან პარლამენტის ყველა შესაბამისი დარგობრივი კომიტეტის წევრები, თუმცა გარდა საჯარო სექტორის ჩართულობისა, ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში ახალგაზრდებისა და დაინტერესებული არასამთავრობო და კერძო სექტორის თანამონაწილეობაც. თემატური მოკვლევის საფუძველზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის, შემუშავებული იქნება რეკომენდაციები და კომიტეტი, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, განახორციელებს სახელმწიფო უწყებებისა და სამინისტროების მიერ ამ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.
თემატური მოკვლევა ხორციელდება ევროკავშირისა ( EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0