„აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ჩვენ დიდ რესურსს ვხარჯავთ, რომ სპორტულმა ღონისძიებებმა მიიღოს სისტემური ხასიათი, ჩატარდეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებები” – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ კანონპროექტის ”ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ” საჯარო განხილვის დროს.
ბათუმში მოსახლეობასთან საჯარო განხილვების ფარგლებში, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონპროექტის განხილვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თორნიკე რიჟვაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სპორტის განვითარების საქმეში ახალი კანონპროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც დიდ როლს შეასრულებენ როგორც სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების, ისე სპორტული ტურიზმის განვითარების საქმეში.
“სექტემბერში ბათუმში გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიადა ჭადრაკში და განსაკუთრებით ვემზადებით ამისათვის. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა და გვაქვს საფუძველი იმისათვის, რომ მომავალში საფეხბურთო კუთხითაც ვუმასპინძლოთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს. მუნიციპალიტეტების დონეზე ხორციელდება რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ხელს უწყობს ერთი მხრივ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამ ნაწილში იქნება მეტი ხელშეწყობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
“ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ” ახალი კანონპროექტის საჯარო განხილვას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი წარუძღვა. შეხვედრები კანონპროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით, საზოგადოების წარმომადგენელებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებას ემსახურება. პარლამენტისთვის კანონის პროექტის წარდგენა დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე.
რეგიონებში პროექტის საჯარო განხილვები საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ეწყობა.
ღონისძიებების მხარდამჭერია ეროვნულ-დემოკრატიული-ინსტიტუტი (NDI), ხოლო ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid).
სპორტის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია
30/07/2018