სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის გაცნობას აგრძელებს. იუსტიციის სამინისტროს ანგარიშის შემდეგ, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ მახარაშვილს მოუსმინეს, რომელმაც სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2023 წელს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა. მომხსენებლის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სწორედ ის სახელმწიფო უწყებაა, რომლის ძირითადი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდებს და მათ განვითარებას. მისივე თქმით, სამინისტროში განხორციელებული რეფორმები ახალგაზრდების საჭიროებების შესაბამისად მიმდინარეობს და ისინი მოსწავლე-ახალგაზრდების მოთხოვნებს ეფუძნება. თამარ მახარაშვილმა განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე, დარგობრივ სამინისტროებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებებზე და განათლების სხვადასხვა საფეხურზე მოსწავლე-ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და ამ კუთხით მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებზე ისაუბრა. კომიტეტის წევრები პოლიტიკური მოსაზრებებით მოსწავლეების მიმართ გამოვლენილ ძალადობასა და ბულინგის საკითხებზე სამინისტროს ხედვებით დაინტერესდნენ. შეკითხვების ნაწილი ასევე შეეხებოდა სკოლების ინფრასტრუქტურას და მათ რეაბილიტაციას, სკოლებში სამედიცინო ოთახების მოწყობის საკითხებს, ახალგაზრდული სივრცეების შექმნის და მათ ხელშეწყობის საჭიროებებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებთან ერთად, მოსწავლეების, მოხალისეების, სკოლის თვითმმართველობების წარმომადგენლების და კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა მინისტრის პირველ მოადგილეს დეტალური ინფორმაციის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხდომაზე მოსმენილი ანგარიში საჯარო უნდა იყოს ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც ახალგაზრდებთან აქვს შეხება. მისი თქმით, ასეთ სეგმენტს როგორც მოსწავლე-ახალგაზრდები, ასევე მათი მშობლები, მასწავლებლები და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები წარმოადგენენ, რომლებსაც სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს მოუსმინეს
17/03/2023