სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი გორში იმყოფებოდა

11/08/2017

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გორს ესტუმრა და შიდა ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, იოსებ ოქრომელიძესთან ერთად რაგბის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამუშაოები დაათვალიერა და ლევან ტარყაშვილისგან მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო – ტარყაშვილი “სპორტმშენსერვისის” დირექტორია, თავის მხრივ “სპორტმშენსერვისი”, სპორტის სასახლის დროულად და ხარისხიანად მშენებლობაზეა პასუხისმგებელი.
სასახლის მშენებობის პროცესს მინისტრთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებიც გაეცნენ. ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი დასკვნით ფაზაშია შესული და მონატჟდება რკინის კონსტრუქცია, რომელიც კანადიდან ასევე მშენებლობის პროცესში ჩართულმა კანადურმა კომპანიამ – “ბეჰლემ ინდუსტრიმ“ ჩამოიტანა. სექტემბრიდან დაგეგმილია შიდა, მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყება. მშენებლობის პროცესი ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ახალი სასახლის მშენებლობაზე 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
გორში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი და ხელს შეუწყობს, რეგიონში პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას. სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 გულშემატკივარზეა გათვლილი. სპორტის სასახლეში მშენებლობის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება – ხელბურთში, ფრენბურთში, ფუტსალში, ჭიდაობაში, ძიუდოში რეგიონალური და საქართველოს პირველობების ჩატარება. ამასთან, ახალი სპორტის სასახლე ზოგიერთ სახეობაში საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების მიღებასაც შეძლებს.
მოგვიანებით, ხელისუფლების წარმომადგენლები გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის განახლებულ სტადიონზე ეროვნული ლიგის 22–ე ტურის პირველი შეხვედრის თამაშს დაესწრნენ, სადაც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები, გორის დილა და თბილისის საბურთალო დაუპირისპირდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0