„ჩვენი დევნილების სააგენტოს თანამშრომლები, 3 კვირის განმავლობაში, დადიოდნენ ადგილზე, იმ 40 სასტუმროში, სადაც უკრაინიდან ლტოლვილი პირები ცხოვრობდნენ. მათ გაუხსნეს ანგარიშები და ყველა ამ ადამიანს, უკვე ჩარიცხული აქვს შესაბამისი დახმარება. ის რაღაც სპეკულაციები, თითქოს, ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს, ნამდვილად არასწორია. ასევე, ჩვენი მხრიდან ხდება ამ თანხების ფარგლებში ბინების შეთავაზება, სხვადასხვა რაიონში. ჩემმა თანამშრომლებმა მოიძიეს ასეთი ბინები და ამ შეთავაზებებსაც ისინი უკეთებენ”, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმადა აღნიშნა, რომ უკრაინელი ლტოლვილების დიდმა ნაწილმა სასტუმროები უკვე დატოვა. ზურაბ აზარაშვილმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის შემუშავებული სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროექტზეც ისაუბრა:
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროების და მათი მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო თითოეულ უკრაინელ ოჯახს ეხმარება 300 ლარით, ასევე თითოეულ – ადამიანს, ვისაც ამის საჭიროება აქვს – 45 ლარით. მინდა, მოკლე განმარტება გავაკეთო, საიდან მივედით ამ თანხებამდე. მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებიან. ჩვენ ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ, გავეცანით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და შევეცადეთ მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. ასევე მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში გვყავს 300 000-მდე დევნილი თანამემამულე, ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან. შესაბამისად, ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულეებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა ის სპეკულაცია და ამ საკითხის პოლიტიკურ თემებში გადაყვანა, ვფიქრობ, მიზანშეუწონელია. მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, ვისაც, თითქოს, ჩვენზე მეტად შესტკივა გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.