სოხუმის დაცემა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ის ჭრილობა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და გაერთიანება მოაშუშებს

27/09/2019

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ორგანიზებით, ქართველი და უცხოელი ფოტოკორესპონდენტების მიერ გადაღებული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა.

„27 სექტემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღე. დღე, რომელიც გვახსენებს ომის დამანგრეველ შედეგებს და მის უსასტიკეს სახეს. ამ ომში ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები, ჩვენი გმირები და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. სოხუმის დაცემა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ის ჭრილობა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და გაერთიანება მოაშუშებს“, – ასე მიმართა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტოგამოფენის სტუმრებს.

ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ უნდა გადაიდგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის აღადგენს ნდობას და რომლის აღდგენის გარეშეც ამ მიმართულებით წინსვლა და პროგრესი არის შეუძლებელი.

„ჩვენი მთავარი ამოცანა და მთავარი საქმიანობაც ამ მიმართულებით ყოველდღიური ნაბიჯების გადადგმას უკავშირდება. ჩვენი ხედვა არის საერთო მომავალი ერთიან, ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში, სადაც უზრუნველყოფილი და დაცულია ყველა მოქალაქის უფლებები განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა და უზრუნველყოფილია ყველა წინაპირობა მათი ნორმალური განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ომი არის მძიმე მემკვიდრეობა როგორც აფხაზებისთვის, ისე ქართველებისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო წარსული და გვაქვს საერთო მომავალი და გამოსავალი ამ ვითარებიდან არის მშვიდობა, დეოკუპაცია და შერიგება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გამოფენის სტუმრებს სიტყვით მიმართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

„ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ რა არის აფხაზეთი. უნდა იცოდნენ სად არის მათი სამშობლო და უნდა იცოდნენ რეალურად ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ იქ დროებით ვერ ჩავდივართ. ასევე უნდა იცოდნენ თუ რა არის ერთა შორის ურთიერთობა, რომელიც ტრადიციულად საუკუნეების განმავლობაში მოდის. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი თანატოლები, ვინც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს, იგივე განცდით არიან და იგივე ემოციები და სიხარული აქვთ და არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის სამიზნედან უყურონ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. მისივე განცადებით, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ მთავარი გამაერთიანებელი. „ეს არის პატრიოტიზმი, ჩვენი ქვეყნის მიმართ სიყვარული, გულწრფელი დამოკიდებულება წარსულის მიმართ და რწმენა მომავლის მიმართ. გამაერთიანებელი არის სიყვარული და პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მიმართ. ამით უნდა ვიცოცხლოთ, ვიმუშაოთ და მივაღწიოთ იმას, რასაც ხშირად ვამბობთ-საქართველო უნდა გაერთიანდეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გამოფენის სტუმრებს სიტყვით მიმართეს და დღევანდელი დღის ტრაგიკულობაზე და გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრეს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფის – „აფხაზეთის“ მიერ მოწოდებული, ამერიკელი ფოტოკორესპონდენტების, ლინტონ მალკოლმისა და ჯონ ჯონსის მიერ გადაღებული აფხაზეთის ომის ამსახველი 112 ფოტო და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული აღნიშნული თემატიკის ფოტომასალა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0