სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი გრძელდება. მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების აქციაში დღეს კომპანიები – Duty Free Georgia, „სქაიტელი“, „მასთერქარდი“ და „კარფური“ ჩაერთნენ. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო და პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„გრძელდება ჩვენს მიერ წამოწყებული ძალიან კეთილი საქმის განხორციელება. საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომლითაც ყველა იმ ოჯახს ვეხმარებით, ვისაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა. დღეს მინდა, თანადგომისთვისა და მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიებს – Duty Free Georgia, „სქაიტელი“ „მასთერქარდი“ და „კარფური“. მათ მიერ შემოტანილი არამალფუჭებადი პროდუქტები დღესვე, ათივე რაიონში გადანაწილდება და იმ ოჯახებში დარიგდება, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად არსებობს. ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ასევე, ყველა იმ რიგითი მოქალაქის მიმართ, ვინც ამ კეთილ საქმეშია ჩართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში, დახმარება თბილისში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ 20 000-ზე მეტ ოჯახს გაეწია. პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და საკვებ პროდუქტებთან ერთად, მედიკამენტებსაც მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ. მოხალისეობის მსურველები მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ბიზნესკომპანიებს კი, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.