სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად პროდუქტების შეძენა მოქალაქეებს ჰიპერმარკეტ „კარფურშიც“ შეეძლებათ. თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით მიმდინარე კამპანიას, „აგროჰაბთან“ და „გუდვილთან“ ერთად, კარფურიც შეუერთდა. აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „კარფურში“ შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს დაურიგებენ. აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურში“ იმყოფებოდა.
„ვაგრძელებთ ჩვენ მიერ წამოწყებულ და საკმაოდ წარმატებით მიმდინარე პროექტს, რომელიც ხანდაზმული მოხუცების დახმარებას გულისხმობს. შეიქმნა სპეციალური პლატფორმა. ინტერესი გამოხატა „აგროჰაბმა“, „გუდვილმა“ და დღეს უკვე „კარფურმა“. აქ მოეწყო სპეციალური კუთხე, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის პროდუქტები. მოქალაქეები, რომლთაც ამის სურვილი აქვთ, ყიდულობენ პროდუქტების შესაბამის ჩამონათვალს, რომელიც შემდეგ გადაეცემა იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. დიდი მადლობა „კარფურს“, რომ ამის შესაძლებლობა მოგვცა, ასევე, ყველაზე მთავარი მადლობა იმ რიგით მოქალაქეებს, ვინც მართლაც ზრუნავენ იმაზე, რომ ხელი შეუწყონ იმ ადამიანებს, ვინც დღეს რისკის ჯგუფში იმყოფება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.