პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც კომიტეტსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ასპექტებზე ისაუბრეს. სოფო კილაძის თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობას, რადგან ხშირად მათგან კარგი ინიციატივები მოდის, რომელთა გაზიარებასაც ცდილობს პარლამენტი და გადამუშავების შემდეგ ის ხშირად საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველიც ხდება.
დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ასეთი ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა. სოფო კილაძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა, რომ წამოაყენონ პრობლემური საკითხები და კომიტეტი სიამოვნებით ჩაერთვება მათ განხილვაში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. შეხვედრაზე ითქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის კარგი მაგალითები არსებობს, როდესაც დონორებთან ერთად მომზადდა პროექტები, მაგალითად სოციალური მუშაკის ინსტიტუციური რეფორმა და სხვა საკითხები.
„როდესაც გინდა, რომ პარლამენტში იყოს კარგი ინიციატივა, ის მრავალმხრივ უნდა იყოს განხილული და ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს მასში ჩართული, მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ მათი ის შენიშვნები და კომენტარები, რომელიც ქართული საზოგადოების ინტერესებშია. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ღია და გამჭვირვალე და შესაბამისად ბევრ კარგ ინიციატივასაც შევთავაზებთ საზოგადოებას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.