სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში 54 მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა 4801 პროექტი დაამტკიცეს

02/04/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით, 54 მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა 4801 პროექტი დაამტკიცეს. ყველა ეს პროექტი სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.
ბოლო მონაცემებით, უკვე 200-ზე მეტი საპროექტო დოკუმენტაციაა შესყიდული. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, მაისის ბოლომდე, მუნიციპალიტეტები კონტრაქტებს სამშენებლო კომპანიებთან გააფორმებენ, 2020 წლამდე კი ყველა პროექტის დასრულება იგეგმება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 3700 სოფლის მცხოვრებმა თავად გადაწყვიტა, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 40 მილიონი ლარი.
მოსახლეობის მიერ არჩეულ პროექტებს შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; წყაროს მოპირკეთება; საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა; ხიდის შეკეთება; გარე განათების მოწყობა; სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და წყლის შეყვანა; ბიბლიოთეკისა და მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია; გმირთა მემორიალის მოწესრიგება და კულტურის სახლის შეღებვა; საცალფეხო ხიდის შეკეთება და შიდა გზების მოხრეშვა; სავარჯიშო ადგილის მოწყობა და სხვა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. 5-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით ნაწილდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0