სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაიწყო. დღეს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მოადგილესთან გიორგი გონაძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად, პატარა ონში სოფლის კრებას დაესწრო.
„მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით. დეცენტრალიზაციის პროცესში, თვითმმართველობების უფლებამოსილების ზრდის კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ადგილობრივი დონის პრობლემების გადაჭრაში. ხშირ შემთხვევაში სოფლის მკვიდრებმა უკეთ იციან თუ რა ტიპის პროექტის განხორციელებაა პრიორიტეტული მათი საცხოვრებელი გარემოს გასაუმჯობესებლად, ამიტომაც სახელმწიფოს გადაწყვეტილებით თითოეულ სოფელს გამოეყო თანხა, რომლის განკარგვის უფლებამოსილება თავად სოფლის მცხოვრებლებს მიენიჭა. სახელმწიფო კვლავ აქტიურად განაგრძობს რეგიონების მხარდაჭერას და უახლოეს მომავალში, ჩვენს მხარეში, არაერთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტს ვიხილავთ“ – აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.
დღეს კრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში გაიმართა, სადაც მოსახლეობამ უპირატესობა გარე განათების, სარიტუალო დარბაზებისა და თავშეყრის ადგილების მოწყობას მიანიჭა.
კრებები და კონსულტაციები რეგიონის 247 სოფელში 18 თებერვლამდე გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, სოფლის კრებებსა და კონსულტაციებზე, თავად გადაწყვეტს თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.